მერიის მოხელეები ბანკომატიდან ასიათასობით ლარს იღებდნენ

მერიის მოხელეები ბანკომატიდან ასიათასობით ლარს იღებდნენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქალაქ თბილისის რეაბილიტაციის ფონდიდან გაფლანგულ თანხებთან დაკავშირებით, გამოძიების პროცესში მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა. მასალაში აღბეჭდილია დედაქალაქის მერიის მოხელეები პლასტიკური ბარათების გამოეყენებით, თუ როგორ იტაცებენ თბილისელებისგან გადასახადის სახით აკრეფილ თანხებს, რომელიც დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარებოდა.ვიდეოში იდენტიფიცირებულია, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დიმიტრი ჩხეიძე, გატანილი თანხა -150 050 ლარი; მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით ავალიანი - გატანილი თანხა 754 460 ლარი; 2008-2012 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი ანდრო ალავიძე - გატანილი თანხა 853 625; თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი - გატანილი თანხა 847 123 ლარი და 2008-2012 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი გიორგი გოდაბრელიძე- გატანილი თანხა 1 400 905 ლარი.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები რამდენიმე თვის განმავლობაში დეტალურად სწავლობენ თბილისის ბიუჯეტიდან დედაქალაქის რეაბილიტაციის მიზნით, მერიის მიერ დაფუძნებულ სპეციალურ ფონდებში ათეულობით მილიონი ლარის მართლსაწინააღმდეგო განკარგვის ფაქტებს. როგორც სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განაცხადა, დაწყებული გამოძიებით, უტყუარად დადასტურებულია, რომ თბილისის მერიის მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და დანაშაულებრივი ხელშეწყობით, თბილისის რეაბილიტაციის ფონდიდან, რომლის ყოფილი ხელმძღვანელი მიმალვაში იმყოფება - სხვადასხვა ტიპის თვალთმაქცური ოპერაციების მეშვეობით გაფლანგულია 50 მილიონ ლარზე მეტი. გამოძიება გრძელდება. დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საქმეზე, საზოგადოებას გამოძიების დასრულებისთანავე მიეწოდება.თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.