"ზუსტად ვიცი, რომ ვაჟა ლელუაშვილი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან გარიგებულია"

ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ "ზუსტად იცის, რომ კუდ-ის ყოფილი უფროსი ვაჟა ლელუაშვილი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენლებთან გარიგებულია და კადრების ნაწილი სწორედ მისი გადაცემულია".

როგორც არეშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის გაკვირვებულია თუ რატომ არ არის დაკავებული ამ დრომდე ლელუაშვილი.

"მე მიკვირს, რატომ არ არის ამ დრომდე დაკავებული ვაჟა ლელუაშვილი. ეს არის კაცი, რომელმაც ქვემო ქართლი ჩაშვებისა და დასმენის ფორმატში გადაიყვანა. ორი დღის წინ ჩემთან მოვიდა ადამიანი, ყოფილი პატიმარი, რომელმაც მითხრა, რომ მასთან საპატიმროში შევიდა ვაჟა ლელუაშვილი და უთხრა, რომ ციხიდან გამოუშვებდნენ და სანაცვლოდ, უნდა ეთქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს მე მოვკალი ორი ქართველი ჯარისკაცი იმ მოტივით, რომ მათ მანამდე ჩემი მეგობარი ჰყავდათ მოკლული. პატიმარი ამ შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა გეგმა არ განხორციელდა. აღნიშნული პიროვნება მზად არის, მედიის თანდასწრებით ზუსტად აღწეროს მომხდარი ფაქტი. რაც შეეხება ლელუაშვილს, მე არათუ ვვარაუდობ, არამედ ზუსტად ვიცი, რომ ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან გარიგებულია, ერთ-ერთი მათგანი უკვე მთავრობაში აღარ არის. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ კადრები, რომელიც იხილეთ, სწორედ ლელუაშვილის მიერ იყო მიწოდებული", - განაცხადა არეშეძემ.