IRI საქართველოს მოსახლეობის განწყობის კვლევის ახალ მონაცემებს აქვეყნებს

IRI საქართველოს მოსახლეობის განწყობის კვლევის ახალ მონაცემებს აქვეყნებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს მოსახლეობის განწყობის კვლევის ახალ მონაცემებს აქვეყნებს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ორგანიზაციამ კვლევა მაისის მეორე ნახევარში ჩაატარა და 4 ათასამდე სრულწლოვანი გამოკითხა. კვლევის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო კვირას რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 41% ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს მისცემდა. მეორე ადგილზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი - 11%-ით, რომელიც ჯერ არ არის დასახელებული, ნინო ბურჯანაძეს გამოკითხულთა 7% უჭერს მხარს, შალვა ნათელაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს კი გამოკითხულთა 5-5% პროცენტი.

რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, კითხვაზე "როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა?", გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ "სწორი", "არასწორი" - 22%, ხოლო 22%-ს კითხვაზე უპასუხა არ აქვს.

საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად გამოკითხულთა 47% უმუშევრობას მიიჩნევს, შემდეგ მოდის ოკუპირებული ტერიტორიები - 18% და ეკონომიკური სიტუაცია - 13%-ით.
გამოკითხულთა 29% კი მიიჩნევს, რომ მოსახლეობა ხელისუფლებისგან ყველაზე მეტად დასაქმებას მოელის, ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას ელოდება გამოკითხულთა 14% და დაპირებების შესრულებას - 6%.

ამასთან, გამოკითხულთა 37 % მიიჩნევს, რომ პარლამენტმა პირველ რიგში დასაქმების პრობლემაზე უნდა იმუშაოს, ჯანდაცვა - 16%; ეკონომიკა - 14%.

კითხვაზე "უნდა გააგრძელონ თუ არა მმართველმა გუნდა და ოპოზიციამ დიალოგი?" გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ "დიახ", 13% - "არა", ხოლო 14%-ს პასუხი არ აქვს.

კითხვაზე "რა გაშინებთ ყველაზე მეტად?", კვლევაში მონაწილეთა უმეტესობა ომის საშიშროებას ასახელებს – 21%; შემდეგ მოდის შიდა დაპირისპირების საფრთხე - 14% და ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა - 5%.

ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად გამოკითხულთა 41% აშშ-ს მიიჩნევს, ყველაზე დიდ პოლიტიკურ-ეკონომიკურ საფრთხედ კი რუსეთს 57% ასახელებს. ამასთან, რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 82%, ნაწილობრივ კი - 11%.

გამოკითხულთა 61% მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ნაწილობრივ ეთანხმება - 19%.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების იდეას კი მხარს უჭერს 67%, მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმება – 20%.