თბილისის მერიისა და საკრებულოს დღეს დაკავებული წარმომადგენლები მომხდარს გაასაჩივრებენ

თბილისის მერიისა და საკრებულოს დღეს დაკავებული წარმომადგენლები მომხდარს გაასაჩივრებენ

თბილისის მერიისა და საკრებულოს დღეს დაკავებული წარმომადგენლები, მომხდარს გაასაჩივრებენ და დამნაშავე პირთა დასჯას მოითხოვენ. შესაბამისი განცხადება მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი აბესაძემ გააკეთა, რომელმაც ინციდენტის პოლიტიკურ მოტივაციაზე გაამახვილა ყურადღება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მასალები აბესაძემ "აბსურდულად" შეაფასა. 

"ვფიქრობდით, რომ ფინანსთა სამინისტრო აღიარებდა მის მიერ ჩადენულ უკანონო ქმედებებს და დაიწყებდა საქმის გამოძიებას. ამის სანაცვლოდ, საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიის თანამდებობის პირების და საკრებულოს წევრების პოლიტიკურ დევნას განაგრძობს. მათ გაავრცელეს ბანკომატის ავტომატურ რეჟიმში გადაღებული სრულიად არაფრისმთქმელი კადრები, რომლის მსგავსი შეიძლება არსებობდეს ნებისმიერ ადამიანთან, თუნდაც პენსიონერთან დაკავშირებით, რომელიც კუთვნილ პენსიას ბანკომატიდან, პლასტიკური ბარათის მეშვეობით იღებს. ასევე აბსურდულია საგამოძიებო ორგანოს მტკიცება, თითქოს დღეს უკანონოდ დაკავებულმა თანამდებობის პირებმა პლასტიკური ბარათების მეშვეობით მილიონობით ლარი გამოიტანეს, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ პლასტიკურ ბარათს განაღდების ლიმიტი გააჩნია. გავრცელებული კადრების აბსურდულობას, მტკიცებულებების აბსურდულობას და გამოძიების მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის მეთოდად გამოყენებას ადასტურებს საგამოძიებო სამსახურის მოქმედებაც, რომელმაც მათ მიერ გავრცელებული სარწმუნო მტკიცებულბების არსებობის მიუხედავად, ყველა უკანონოდ დაკავებული პირი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლა", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისივე თქმით, ბოლო თვეებში საგამოძიებო სამსახურის მთავარი დანიშნულება თბილისის მერიის პოლიტიკური დევნაა, რასაც დღევანდელი დღეც ადასტურებს.

"ხაზი გვინდა გავუსვათ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, უკანონოდ დაკავებული თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი იყო თუ არა რაიმე დანაშაული, საგამოძიებო ორგანობის მხრიდან მათი უფლებების ასეთ უხეშ დარღვევას და მათი დაკავებისას კანონის მოთხოვნების უგულვებელყოფას არანაირი გამართლება არ აქვს და ეს სისხლის სამართლის დანაშაული გამოძიებული უნდა იყოს. დღეს უკანონოდ დაკავებული ყველა თანამდებობის პირის სახელით მომზადდება საჩივარი, სადაც მთავარი მოთხოვნა მომხდარის გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა იქნება" - განაცხადა აბესაძემ.