გიგა ბოკერია ელენე თევდორაძის განცხადებას ბოდვას უწოდებს

გიგა ბოკერია ელენე თევდორაძის განცხადებას ბოდვას უწოდებს

უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ელენე თევდორაძის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სიცრუესა და ბოდვას უწოდებს, - ამის შესახებ ბოკერიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ციხის ბუნტთან დაკავშირებით ელენე თევდორაძის განცხადებას გამოეხმაურა.

"ვიხილე ეს კომენტარი, ეს არის აბსურდული სიცრუე და ბოდვა. ამაზე მეტ კომენტარს ეს სამწუხაროდ არც იმსახურებს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ დღეს სკანდალური განცხადებები გააკეთა. ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას მან 2005 წელს ვანო მერაბიშვილთან საუბრის დეტალები გაიხსენა, როდესაც მერაბიშვილმა მოკლული ახალგაზრდების საქმესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სანამ "მათნაირ 200 ბანდიტს მიწაში არ ჩააწვენდა, არ მოისვენებდა".

თევდორაძე 2006 წლის ციხის ბუნტის შესახებაც საუბრობს და იხსენებს თუ რა ვითარებაში დაიწყო სროლები. ამასთან, თევდორაძემ გიგა ბოკერიასთან შეხვედრაც გაიხსენა. თევდორაძის თქმით, ბოკერიამ მას უთხრა, რომ პატიმატრთა რიცხვი 24 ათასამდე უნდა გაზრდილიყო, რის შედეგადაც, საქართველო ახალი ციხეების მშენებლობისთვის დაფინანსებას მიიღებდა.

"სამი ახალგაზრდის დახვრეტა მოხდა დიღომში ან დიდუბეში. თითქოს ისინი მიდიოდნენ რუსთავის კოლონიაში და რაღაცის მოწყობა უნდოდათ. ჩემთან მოვიდნენ თვითმხილველები და მითხრეს, რომ ჩვენს თვალწინ ეს სამი ბიჭი დაიჩოქა და ითხოვდა, ნუ დაგვხვრეტთ, დაგვაპატიმრეთ. მაგრამ დახვრიტეს. მე ამასთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილს ველაპარაკე. ძალიან გაღიზიანებულმა მითხრა, სანამ მე ასეთ 200-მდე ბანდიტს მიწაში არ ჩავდებ, არ მოვისვენებ. თან მითხრა, შენც მიგაყოლებო. ბოკერიამ კი ამიხსნა, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ პატიმრების რიცხვი 24 ათასამდე, ამის გამო, საქართველო მიიღებს თანხებს, რომ ააშენოს ახალი ციხეები", - დასძინა თევდორაძემ.