საგამოძიებო სამსახური მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს 50 მილიონის მითვისებაში ადანაშაულებს

საგამოძიებო სამსახური მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს 50 მილიონის მითვისებაში ადანაშაულებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ქ. თბილისის მერიის მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და დანაშაულებრივი ხელშეწყობით, თბილისის რეაბილიტაციის ფონდიდან, თვალთმაქცური ოპერაციების მეშვეობით გაფლანგულია 50 მილიონ ლარზე მეტი. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე თვის განმავლობაში დეტალურად სწავლობს ქ.თბილისის ბიუჯეტიდან დედაქალაქის რეაბილიტაციის მიზნით, მერიის მიერ დაფუძნებულ სპეციალურ ფონდებში აკუმულირებული ათეულობით მილიონი ლარის მართლსაწინააღმდეგო განკარგვის ფაქტებს, რომლის ფარგლებში დაწყებული გამოძიებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ქ.თბილისის მერიის მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და დანაშაულებრივი ხელშეწყობით, თბილისის რეაბილიტაციის ფონდიდან, რომლის ყოფილი ხელმძღვანელი იმყოფება მიმალვაში, სხვადასხვა ტიპის თვალთმაქცური ოპერაციების მეშვეობით გაფლანგულია 50 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი უშუალოდ ბანკებიდან ნაღდი ფულის სახით არის გამოტანილი და სავარაუდოდ მითვისებული.

გამოძიების პროცესში მოპოვებულ ვიდომასალების მიხედვით, დედაქალაქის მერიის მოხელეები განსაკუთრებული აღტკინებით პლასტიკური ბარათების გამოყენებით იტაცებენ თბილისელებისაგან გადასახადების სახით აკრეფილ თანხებს, რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარებოდა.

აქვე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ საქმის ნებისმიერი სახით პოლიტიზირებას ჩვენ განვიხილავთ, როგორც პასუხიმგებლობიდან თავის არიდების მცდელობას, რასაც არ დავუშვებთ.

რაც შეეხება დაკითხვაზე მყოფი პირების პრეტენზიებს პროცესთან დაკავშირებით, უფლებამოსილი ორგანოები კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლიან აღნიშნულ საკითხს.

თავად საბიუჯეტო თანხების სავარაუდო მითვისება-გაფლანგვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. გამოძიების დასრულებისთანავე საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია საქმის თაობაზე", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ზემოხსენებულ ვიდეომასალაზე ჩანან დავით ავალიანი, გიორგი გოდაბრელიძე, ანდრო ალავიძე და კიდევ რამდენიმე პირი.