ანდერს ფოგ რასმუსენი:  ამომრჩევლების გადასაწყვეტია, რომელი პარტია უნდა გაქრეს

ანდერს ფოგ რასმუსენი: ამომრჩევლების გადასაწყვეტია, რომელი პარტია უნდა გაქრეს

ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ამომრჩევლების გადასაწყვეტია, რომელი პარტია უნდა გაქრეს. 

რასმუსენს, "ნაციონალური მოძრაობის" არსებობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებაზე, დღეს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს.

მისი თქმით, ადამიანები წყვეტენ, რომელი პოლიტიკური პარტია უნდა იყოს პარლამენტში წარმოდგენილი, ასევე ამომრჩევლები წყვეტენ, ვინ მოახდენს მთავრობის ფორმირებას და ვინ უნდა გადავიდეს ოპოზიციაში.

"მრავალი წელია, პოლიტიკოსი ვარ და გულახდილად მოგახსენებთ, რომ ზოგჯერ მეც მომდის აზრები, რომ შეიძლება ეს პარტია, ან მეორე პარტია გაქრეს. მაგრამ, რეალურად ეს ამომრჩევლების გადასაწყვეტია. ეს გახლავთ არსი ჩამოყალიბებული მყარი დემოკრატიის, რომ სასამართლო პროცესები, სასამართლო დარბაზები არ უნდა ცვლიდეს პარლამენტს და არ უნდა შეცვალოს ადამიანთა ნება", - აღნიშნა ნატო-ს გენმდივანმა.

მისივე თქმით, ნამდვილი დემოკრატია ასევე გულისხმობს პოლიტიკური უმცირესობების პატივისცემას, დიალოგისა და კოჰაბიტაციის მეშვეობით.