მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველო ათოსანი ქვეყნიდან ერთოსან ქვეყნამდე ჩამოვიდა

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველო ათოსანი ქვეყნიდან ერთოსან ქვეყნამდე ჩამოვიდა

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველო ათოსანი ქვეყნიდან ერთოსან ქვეყნამდე ჩამოვიდა. "რამდენიმე ხნის წინ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გაიმართა , რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას ქვეყნების ევროკავშირში გაერთიანების შესახებ. იქ საქართველოს საკითხი განიხილეს. თქვენ ნახეთ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებები, სადაც ისინი გვაფრთხილებენ, რომ საქართველო და უკრაინა პრობლემატური ქვეყნებია. ზუსტად იგივე მინისტრები, ორი წლის წინ ამბობდნენ, რომ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით მოწინავე ქვეყანაა. დღეს, ორი წლის თავზე, რა უბედურება გავაკეთეთ ისეთი, რომ ხუთოსნებიდან ოროსნები გავხდით, თუ ათოსნობიდან ერთოსნობამდე ჩამოვედით. რას დაემსგავსა ჩვენი საგარეო პოლიტიკა?! ჩვენ ვიყავით მოწინავე, ყველგან გვაქებდნენ, ცაში ავყავდით - დაე, ამას სიცრუით ცხოვრება უწოდოს ვინმემ. ახლა დაფაზე ვყავართ გამოკრული, როგორც ერთ-ერთი პრობლემატური ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით. ვფქირობ, ეს ყველა პოლიტიკური ძალის შეშფოთების საგანი უნდა იყოს. ჩვენ ნიშნს არავის ვუგებთ, რადგან საკუთარ თავს ხომ არ მოვუგებთ ნიშანს?" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობამ, პრეზიდენტის ინსტიტუტმა, ადგილობრივმა მმართველობებმა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმისთვის უნდა იმუშაოს, რომ საქართველო ამ სახიფათო ზოლიდან გამოვიდეს.

"თუ ევროკავშირის მინისტრებმა თქვეს, რომ საქართველოს ინტეგრაცია უნდა შეჩერდეს, ეს საქართველოს მრავალწლიანი დახევა და მგლის ხახაში გადაგდება იქნება. არ შეიძლება ვინმეს უხაროდეს და მოსწონდეს საკუთარი ქვეყნის რეგრესი. აქ არ უნდა იყოს პოლიტიკური ხაზები. ჩვენ საბავშვო ბაღში არა ვართ, სადაც პედაგოგი ყურს აუწევს ბავშვს, გაივლის და მეორე წუთში ყველას ყველაფერი ავიწყდება", - აცხადებს პრეზიდენტი.