მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სკეპტიკოსებს მიმართავს

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სკეპტიკოსებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების სკეპტიკოსებს მიმართავს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხშირად ამბობენ, რომ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება ძალიან ჭიანურდება.

"რადგან პროპაგანდა წამოვიდა, რომ აი, ნატო არის ჰორიზონტი, რომელსაც რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო შორდები, მინდა სკეპტიკოსებს ვუთხრა, რომ ეს ასე არ არის. საქართველოში გენერალური მდივნის ყველა ვიზიტი, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ყველა ჩამოსვლა, ყველა მინისტერიალი, რომელიც ბრიუსელში იმართება, ეს არის საქართველოს მეტი ინტეგრაცია ყველაზე გავლენიან, ძლიერ სამხედრო პოლიტიკურ ორგანიზაციაში. ეს არის მეტი დაახლოვება, ეს არის უფრო მეტი უსაფრთხოლების გარანტია საქართველოსთვის, მეტი რწმენის გამოხატულება საქართველოს გრძელვადიანი მომავალისათვის. ჩვენ ძალიან გვიყვარს სტუმრები, მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი აქ ტურისტულ ორგანიზაციას არ წარმოადგენენ, რომლებსაც უბრალოდ სიამოვნებთ მოგზაურობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დემოკრატიულ სამყაროში, სიტყვებსა და განცხადებებს კონკრეტული ღირებულება აქვს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას მან გაიხსენა, რომ ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში არაერთხელ არის ნამყოფი და პირველად ის ჩამოვიდა, როგორც დანიის პრემიერ-მინისტრი 2008 წლის რუსეთის შემოჭრის შემდეგ.

"ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს მისი სოლიდარობა, რომელიც მან გამოხატა ქართველი ხალხის მიმართ. გვახსოვს მისი ძალიან მკვეთრი ვაჟკაცური და მათ შორის ძალიან ადამიანური განცხადებები. შემდეგ როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა არაერთხელ გამოხატა ძლიერი მხარდაჭერა ქართული დემოკრატიისადმი, არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით და უნდა ითქვას, რომ მისი გენერალური მდივნობის პერიოდში, საქართველომ გარკვეული პროგრესი განიცადა ამ მიმართულებით. ჩვენ გადაგვიყვანეს ასპირანტ ქვეყანათა კატეგორიაში", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.