ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტოს "მაუწყებლობის შესახებ კანონში" შესატან ცვლილებებზე მხარი არ დაუჭირა. 

როგორც კანონპროექტის ინიციატორმა, ელისო ჩაფიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის დარწმუნებულია, რომ პარლამენტი ვეტოს დაძლევს.

"პრეზიდენტის შენიშვნებს არ ვიზიარებ ერთი უბრალო მოტივის გამო, პრეზიდენტი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტს უფლებამოსილება ეზრდება უნდობლობა გამოუცხადოს სამეურვეო საბჭოს, მაგრამ ამ შენიშვნებში არაფერია ნათქვამი, რომ სამეურვეო საბჭოს სერიოზულად ეზრდება ფუნქციები. სამეურვეო საბჭოს ზედამხედველობა იზრდება და პასუხისმგებლობაც იმასთან დაკავშირებით თუ როგორ დაიხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გამოყოფილი სახსრები. როგორ განხორციელდება ის სახელმწიფოებრივი პრიორიტეტები, რომელიც უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივ მაუწყებელს. შესაბამისად, პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული. მას ვეტოების დადება კანონებზე, როგორც ჩანს, სიამოვნებას ანიჭებს და ამით ის როგორც ვეტოს, ასევე პრეზიდენტიის ინსტიტუტს უბრალოდ შეურაცხყოფს", - განაცხადა ჩაფიძემ.

პრეზიდენტის ვეტოს დღეს სხვა კომიტეტის სხდომებზეც განიხილავენ.

რაც შეეხება იმას, თუ როდის გავა ვეტოს დაძლევის საკითხი პლენარულ სხდომაზე, როგორც ჩაფიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეს სავარაუდოდ, მიმდინარე სასესიო კვირაში ვერ მოესწრება.