"თუ უახლოეს საათებში პრობლემა არ გადაწყდება, იძულებული ვიქნებით ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები მივიღოთ"

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, როცა ნატო-ს გენერალური მდივანი ოპოზიციის უფლებების დაცვაზე საუბრობს და პარალელურად მასობრივი დაკავებები მიმდინარეობს, ეს ქვეყნისთვის უაღრესად ცუდი ნიშანია.

ამის შესახებ ბაქრაძემ საპარლამენტი უმრავლესობისა და უმცირესობის ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ საკრებულოს წევრების დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

"თავად შეხვედრა რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იყო. ორივე მხარემ დააფიქსირა, რომ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება საერთო პოლიტიკური ამოცანაა, მაგრამ განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ იმ დროს, როდესაც ასეთი შეხვედრა მიმდინარეობდა, იმ დროს, როცა ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისგან და გენერალური მდივნისგან ვისმენთ პირდაპირ მოწოდებებს, რომ საქართველოში იყოს პლურალისტური დემოკრატია და ოპოზიციის უფლებები დაცული, ამის პარალელურად ხდება მასობრივი დაკავება თბილისის საკრებულოს წევრების, ფაქტიურად ეს არის თბილისის საკრებულოს მოშლა და ეს დაკავება თავისი შინაარსიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, ვერ შეფასდება სხვანაირად, თუ არა პირდაპირი შეტევა "ნაციონალურ მოძრაობაზე" იმ მიზნით, რომ დანგრეული იყოს თბილისის საკრებულოს პარტიული ორგანიზაცია და ინფრასტრუქტურა", - განაცხადა ბაქრაძემ.

უმცირესობის ლიდერი იმედოვნებს, პრობლემა უახლოეს საათებში გადაწყდება.

"წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ იძულებული ვიქნებით ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები მივიღოთ, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ის, რაც ხდება, ეს არის პირდაპირი შეტევა პარტიული ინფრასტრუქტურის მოშლის მიზნით", - აღნიშნა ბაქრაძემ.