არჩევნებთან დაკავშირებით დავით ბაქრაძე

არჩევნებთან დაკავშირებით დავით ბაქრაძე "სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას" არ გამორიცხავს

თბილისის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლების დაკავების გამო "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, შესაძლოა, გარკვეული გადაწყვეტილება მიიღოს. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა. იგი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპოზიციაზე ასეთი მასშტაბის შეტევა, ქვეყნისთვის ცუდი ნიშანია.

"ველოდები, რომ უახლოეს საათებში ეს პრობლემა გადაწყდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ იძულებულები გავხდებით ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები მივიღოთ, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებით, რადგან რაც ხდება ეს არის პირდაპირი შეტევა პარტიის ინფრასტრუქტურის დანგრევის და მოშლის მიზნით", – აღნიშნა ბაქრაძემ.

მან არ დააკონკრეტა თუ რას გულისხმობს არჩევნებთან დაკავშირებით და არც იმას აკონკრეტებს გამოუცხადებს, თუ არა ოპოზიცია ბოიკოტს საპრეზიდენტო არჩევნებს.

მისივე შეფასებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მასობრივი დაკავებები იმ დროს, როდესაც თბილისში შეხვედრები იმართება და ნატოს წევრი სახელმწიფოებისა და პირველ რიგში, გენერალური მდივნის მხრიდან კეთდება პირდაპირი მოწოდება, რომ საქართველოში დემოკრატია და ოპოზიციის უფლებები დაცული იყოს.

"ფაქტიურად ეს არის მთლიანად მოშლა თბილისის პარტიული ინფრასტრუქტურის. ეს დაკავება თავისი შინაარსით და მასშტაბურობიდან გამომდინარე, ვერ შეფასდება სხვანაირად, თუ არა პირდაპირი შეტევა "ნაციონალურ მოძრაობაზე", იმ მიზნით, რომ დანგრეული იქნას თბილისის პარტიული ორგანიზაცია და ინფრასტრუქტურა", – განაცხადა ბაქრაძემ.