თბილისის მერიისა და საკრებულოს რამდენიმე თანამშრომელი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს

თბილისის მერიისა და საკრებულოს რამდენიმე თანამშრომელი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს

თბილისის მერიისა და საკრებულოს რამდენიმე თანამშრომელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. მათ შორის საგამოძიებო სამსახური უკვე დატოვა - ნოდარ სანდუხაძემ, ალექსი თაბუაშვილმა, გოგიტა ნიკოლაძემ, დავით ავალიანმა და კიდევ რამდენიმე პირმა. 

როგორც დავით ავალიანმა, საგამოძიებო სამსახურის დატოების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას შეკითხვები დაუსვეს სამუშაოს შესახებ და ბრალდებაზე საუბარი არ ყოფილა.

დავით ავალიანი აცხადებს, რომ იგი დილით საკუთარ სახლთან დააკავეს და საგამოძიებო სამსახურში ხელბორკილით გადაიყვანეს.

გლდანი-ნაძალადევის გამგებლის ნოდარ სანდუხაძის განცხადებით, საგამოძიებო სამსახურში მას განუმარტეს, რომ მოწმის სტატუსით დაკითხვაზე კიდევ უნდა მივიდეს, კონკრეტული საქმე კი რაზეც უნდა დაიკითხოს, სანდუხაძისთვისაც უცნობია.

"ხელბორკილებით დამაკავეს და აქ მომიყვანეს. გამაფრთხილეს, რომ მოწმის სტატუსით უნდა დავიკითხო და გამოვცხადდე- ხოლმე. კონკრეტული საქმე, რომელზეც უნდა დამკითხონ ჩემთვის უცნობია. საგამოძიებო სამსახურში არანაირ საგამოძიებო მოქმედებას ადგილი არ ჰქონია. როდესაც მიმიყვანეს, ვიკითხე ვიყავი თუ არა დაკავებული, რაზეც დუმილი მივიღე", – განაცხადა სანდუხაძემ.

რაც შეეხება მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილეს გოგიტა ნიკოლაძეს, იგი აცხადებს, რომ საქმე, რომელზეც იგი მოწმის სტატუსით უნდა დაკითხონ, სახელმწიფო ქონებასთან არის დაკავშირებული, თუმცა საქმის კონკრეტული დეტალები ნიკოლაძისთვის უცნობია.

საგამოძიებო სამსახური დატოვა მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსმა ალექსანდრე თაბუაშვილმაც. იგი აცხადებს, რომ დღეს მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების დაკავება პოლიტიკური დევნაა. იგი არ აკონკრეტებს რა საქმესთან დაკავშირებით მიიყვანეს საგამოძიებო სამსახურში, თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას თაბუაშვილმა პარტიული საქმიანობა და მერიის თანამშრომლების ხელფასები ახსენა. მანვე განმარტა, რომ ამ თემებზე საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე ადრეც იმყოფებოდა.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რამდენმა პირმა დატოვა საგამოძიებო სამსახური. წინასწარი ინფორმაციით, დილიდან საკრებულოსა და მერიის 30-მდე თანამშრომელი იყო დაკავებული.