"ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-თავმჯდომარე - საქართველოს მთავრობა დემოკრატიას საფრთხეში აყენებს

"საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში დემოკრატიული და მშვიდობიანი არჩევნების გზით მოვიდა, თუმცა ახლა მემკვიდრეობით მიღებულის დაკარგვას რისკავს. მისი ქმედებები საფრთხის ქვეშ აგდებს მომავალში ევროკავშირთან საქართველოს სიღრმისეულ თანამშრომლობას", - ასეთი განცხადება გააკეთა "ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-თავმჯდომარე გუნარ ჰოკმარკმა პარტიის კონფერენციაზე, სახელწოდებით "საით მიემართება საქართველო". ინფორმაციას ამის შესახებ "ევროპის სახალხო პარტიის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 

კონფერენციაზე ასევე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარემ კრჟიშტოფ ლისეკმა, რომელმაც აღიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს პარტნიორ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

"თუმცა, საქართველოს ახლანდელი მთავრობის სტატუსი და მისი ქმედებები ოპოზიციის, დემოკრატიული ფუნდამენტებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, საფრთხეს უქმნის ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას", - განაცხადა კრჟიშტოფ ლისეკმა.

"ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-თავმჯდომარის გუნარ ჰოკმარკის განცხადებით, სასამართლო სისტემის პოლიტიზირებით, საქართველოს მთავრობა საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიას.

"დასაგმობია, ოპოზიციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მთავრობის ზომების გატარების მიზნით სასამართლო სისტემის გამოყენება. მიუღებელია, რომ პოლიტიკური უმრავლესობა და მთავრობა ოპოზიციას სასამართლოთი ემუქრება", - აღნიშნა გუნარ ჰოკმარკმა.

ევროპარლამენტარმა კრჟიშტოფ ლისეკმა კი განაცხადა, რომ ზოგჯერ აუცილებელია მეგობრებს შორის სიმართლე ითქვას, ვიდრე ფაქტები დაიმალოს.

"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, ნუ დააყენებენ საფრთხის ქვეშ დემოკრატიულ ცვლილებებს, სრულად ჩაერთოს ოპოზიციასთან დიალოგში და ერთად იმუშაონ ევროპაში ინტეგრაციისთვის. ამ მხრივ, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ პოლიტიკური ოპოზიციის წევრების დაკავებები და სასამართლო წესით დევნა, ევროკავშირის მიზნებს ეწინააღმდეგება და საქართველოს ევროპას აშორებს", - განაცხადა კრჟიშტოფ ლისეკმა. 

კონფერენციაზე "ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ევროპას ეკუთვნის და უნდა იცოდეს, რომ ევროპის კარი ღიაა მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

"ამავროულად, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ოპოზიციისა და კანონის უზენაესობის პრინციპების პატივისცემა წარმოაჩინოს", - განაცხადა გუნარ ჰოკმარკმა.