ანდერს ფოგ რასმუსენი დღეს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება

ანდერს ფოგ რასმუსენი დღეს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება

ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ნატო-ს ელჩებთან ერთად დღეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. 

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეშია დაგეგმილი.

გარდა ამისა, ალიანსის გენერალური მდივანი დღეს კიდევ რამდენიმე შეხვედრას გამართავს. ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდება.

მოგვიანებით, ნატო-ს გენერალური მდივანი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვა. ნატო-ს ელჩები ასევე სამოქალაქო საზოგადოების - არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, უმცირესობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ამასთან, დაგეგმილია ნატო-ს გენერალური მდივნის არაფორმალური სამუშაო სადილი საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან.

მოგვიანებით, ალიანსის გენერალური მდივანი ავღანეთში ქართველი სამშვიდობოების გამგზავრების ცერემონიასაც დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ხელმძღვანელობით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.