მიხეილ სააკაშვილი - ევროკავშირი მერაბიშვილის საკითხს პოლიტიკურ დევნად აღიქვამს

მიხეილ სააკაშვილი - ევროკავშირი მერაბიშვილის საკითხს პოლიტიკურ დევნად აღიქვამს

ევროკავშირი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების საკითხს პოლიტიკურ დევნად აღიქვამს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "განცხრომით ლაპარაკობს დაჭერებზე და მოსწონს ის ფაქტი, რომ ვიღაცეებს დაიჭერენ". სააკაშვილის შეფასებით, დღე და ღამე დაჭერებზე ფიქრი არის უცნაური და არანორმალური მოვლენა. პრეზიდენტის თქმით, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია, მაგრამ მერაბიშვილის დაპატიმრებას პოლიტიკური სარჩული აქვს.

"ჩვენდა სამწუხაროდ და სავალალოდ, ევროპის მთავარი აღმასრულებელი ორგანო - ევროკავშირი აღიქვამს ვანო მერაბიშვილის საკითხს ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურ დევნად. ეს არის ცუდი ჩვენი საერთაშორისო პოზიციების, საქართველოს მომავლისთვის. ყველა ადამიანი, რომელიც დანაშაულს სჩადის, უნდა წავიდეს ციხეში, მაგრამ ჩვენი პრემიერ-მინისტრი ისეთი განცხრომით ლაპარაკობს დაჭერებზე, ისე მოსწონს ეს ფაქტი, რომ ვიღაცეებს დაიჭრენ, ისე ყვება ამას ყველა ინტერვიუში, რომ შეუძლებელია ნორმალურ, დალაგებულ ადამიანს ასე უხაროდეს ვინმეს დაჭერა.

დაჭერა არის სამართლებრივი პროცესი, უსიამოვნო პროცესია ძალიან, ყველა მთავრობის დროს ეს ხდება თუ ადამიანი დანაშაულს სჩადის, მაგრამ ამაზე ასე განცხრომით, ამდენი ხანი ლაპარაკი და პრაქტიკულად ლაპარაკის არ ქონა ბიზნესზე, ინფრასტრუქტურაზე, მუნიციპალურ პროექტებზე, უმუშევრობაზე და სულ, დღე და ღამე ფიქრი დაჭერებზე, არ მინდა სხვა რამეში გადავიჭრა, მაგრამ მინიმუმ ეს არის ძალიან არანორმალური და უცნაური მოვლენა, მეტი რომ არ ვთქვა. ეს ეხება მერაბიშვილსაც და სხვასაც. ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია, მაგრამ ამას რომ პოლიტიკური სარჩული აქვს, მგონი, დიდი თეორია არ სჭირდება, იქიდან გამომდინარე, რა ბრალდებაც აქვს წაყენებული", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.