მიხეილ სააკაშვილი - გამოიძონ ამ კადრების წარმომავლობაც და

მიხეილ სააკაშვილი - გამოიძონ ამ კადრების წარმომავლობაც და "ჯიხადის" ვიდეოებიც

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამალავებში აღმოჩენილი კადრების და "ჯიჰადის" ვიდეოების წარმომავლობის დადგენას ითხოვს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, მას კადრები არ უნახავს და სიტუაცია ორაზროვანია, რადგან მისი ინიციატივით გაკეთებულ ოფიციალურ სამალავებში ვიდეოებს არავინ ტვირთავდა. პრეზიდენტის თქმით, სასურველია ვიდეოკადრები საერთაშორისო დონის სპეციალისტებმა შეისწავლონ.

"მე ეს კადრები არ მინახავს. ყველა სამართლებრივი პროცესი უნდა წავიდეს სამართლებრივ ჩაროებში. მათი წარმოშობა, რა თქმა უნდა, დასადგენია. სიტუაცია არის ძალიან ორაზროვანი. ის, რომ იარაღის სამალავებში, ყოველ შემთხვევაში, თუ ოფიციალურ სამალავებზეა საუბარი, რომელიც ჩემი ძალებით გაკეთდა, იქ რომ კადრებს არავინ ტვირთავდა, მე მგონი, ორი წლის ბავშვისთვისაც გასაგებია. დანარჩენი, არის ძალიან კარგი წინადადება, საპარლამენტო კომისიის შექმნა მათ შორის და არა მხოლოდ პოლიციის მიერ გამოიძება. მოვიწვიოთ საერთაშორისო ორგანიზაციები, ვინც ამის სპეციალისტია. გამოიძონ ამ კადრების წარმომავლობაც, ჯიჰადის ვიდეოებიც, სადაც ხალხს ემუქრებიან აფეთქებით და ძალიან საშიშია, რატომღაც ყველამ დაივიწყა ეს. ასევე, ყველა სხვა დანაშაული, რომელიც ოქტომბრამდე ან ოქტომბრის შემდეგ საქართველოში იქნა ჩადენილი უნდა გამოიძიონ. ყველა ადამიანი, რომელიც ავიწროებს სხვა ადამიანებს, ჩემთვის არის ძალიან დიდი პრობლემა და მტერი საზოგადოებრივი წესრიგის და ყველა იმ პრინციპის, რომელსაც მე ვემხრობი. მაგრამ ამას სჭირდება ობიექტური და სამართლებრივი პროცესი. მე ამ პროცესის გამჭვირვალობის მომხრე ვარ, მთელი ცხოვრება ამას ვებრძოდი და შევებრძოლები მომავალშიც", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.