მიხეილ სააკაშვილი - საპროტესტო აქციას მთავრობა მიწყობს და

მიხეილ სააკაშვილი - საპროტესტო აქციას მთავრობა მიწყობს და "მარშუტკებით" ხალხის მობილიზებას აკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც გუშინ ბათუმში ეკომიგრანტებმა და პოლიტპატიმრებმა საპროტესტო აქცია მოუწყვეს, აცხადებს, რომ ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენცია მთავრობას ჩააბარა და დედის ბინაში გადავიდა.

პრეზიდენტმა გუშინ ბათუმში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციას მას მთავრობა უწყობს და სამარშრუტო ტაქსით ხალხის მობილიზებას აკეთებს.

"მინდა, ვუთხრა ყველას და ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას, რომელიც ამ აქციას აწყობს, იმიტომ, რომ პირდაპირ რაციით ატყობინებენ, სად გადავადგილდები; "მარშუტკით" დაჰყავთ ხალხი აქეთ-იქით, მინდა ვუთხრა, რომ ჩავაბარე ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენცია, იმიტომ, რომ ბევრი წუწუნი იყო, ძვირი უჯდებოდა მთავრობას და გადმოვედი დედაჩემის ჩვეულებრივ ბინაში. ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს თბილისში, როგორც არ უნდა ეწყინოს ეს მთავრობას, მე საქართველოში ყველგან წავალ, თუ სადმე ბინა ექნება ჩემი ოჯახის წევრს, იქ გავჩერდები. თუ არა და სხვაგან გავჩერდები, უამრავი ადამიანია, ვინც მიმიღებს. ხალხს შევხვდები, ყველაფერს შევხედავ, პოლიტიკურ საქმიანობას გავაგრძელებ და ხელს ვერ შემიშლიან თავისი ორგანიზებული აქციებით. ხალხი ბათუმში ძალიან კეთილგანწყობილია, ფეხით გადავადგილდები ქუჩაში", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

გუშინ, ბათუმში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ჟურნალისტების უმეტესობა არ შეუშვეს. დაცვის სამსახურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ პრეზიდენტთან ინტერვიუზე ვეღარ შეუშვებდა, რადგან დააგვიანეს. თუმცა, "ინტერპრესნიუსის" და "პალიტრატივის" კორესპონდენტი ნინო ხოზრევანიძე "ბათუმი პლაზასთან" იმ მომენტში იმყოფებოდა, როცა "ინფო 9"-ის გადამღები ჯგუფი შეუშვეს პრეზიდენტთან ინტერვიუს ჩასაწერად, ხოლო ხოზრევანიძეს განუცხადეს, რომ ის არ არის ტელევიზიის ჟურნალისტი, რის გამოც შენობაში არ შეუშვებდნენ. მოგვიანებით "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული მასალა კოლეგებმა მიაწოდეს.