ჯეიმს აპატურაი:  მხარს ვუჭერთ იმ რეფორმებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა წინა მთავრობის დროს და ახლა ახალი მთავრობა ახორციელებს

ჯეიმს აპატურაი: მხარს ვუჭერთ იმ რეფორმებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა წინა მთავრობის დროს და ახლა ახალი მთავრობა ახორციელებს

თქვენი ქვეყანა უდიდეს პატივისცემას იმსახურებს იმისთვის, რასაც ის ავღანეთში აკეთებს, - ამის შესახებ ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, როგორც ეს ბუქარესტის სამიტზე ითქვა. "ნატო-ს ყველა ელჩისა და ალიანსის გენერალური მდივნის მკაფიო მესიჯია, რომ თქვენი ქვეყანა იმსახურებს უდიდეს პატივისცემას იმისთვის, რასაც ის ავღანეთში აკეთებს. ავღანეთში 21 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, ბევრიც დაშავდა, ასე რომ, ქართველმა ხალხმა ეჭვი არ უნდა შეიტანოს იმაში, რომ ჩვენ ვაფასებთ საქართველოს კონტრიბუციას", - აღნიშნა აპატურაიმ.

მისივე განცხადებით, ნატო არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ღირებულებების გაერთიანებაა და აქედან გამომდინარე საქართველომ ამ სტანდარტების მისაღწევად მუშაობა უნდა განაგრძოს.

"ეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მესამე ვიზიტია საქართველოში, ვიზიტის ფარგლებში პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე არაერთხელ გავუსვით ხაზი ნატო-ს განსაკუთრებულ ურთიერთობებს საქართველოსთან. ამასთან, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ რეფორმებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა წინა მთავრობის დროს და ახლა მას ახალი მთავრობა ახორციელებს", - დასძინა ჯეიმს აპატურაიმ.