მაია ფანჯიკიძე:  ძალიან დიდი კმაყოფილება გამოიხატა იმის გამო, რომ ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ახლებური ურთიერთობა დაიწყო

მაია ფანჯიკიძე: ძალიან დიდი კმაყოფილება გამოიხატა იმის გამო, რომ ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ახლებური ურთიერთობა დაიწყო

ძალიან დიდი კმაყოფილება გამოიხატა იმის გამო, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან სრულიად ახლებური ურთიერთობა დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე საუბარი იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე იყო, რომელსაც საქართველო ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით დგამს. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, იყო აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, იყო მადლობა ავღანეთში საქართველოს მონაწილეობის გამო, ასევე, იყო მწუხარების გამოხატვა ბოლო დროს დაღუპული 10 ჯარისჯაცის გამო.

"იყო ძალიან დიდი კმაყოფილება გამოხატული იმის გამო, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო სრულიად ახლებური ურთიერთობა რუსეთთან და ცდილობს ურთიერთობების დალაგებას, ეს ძალიან დადებითად შეფასდა. საუბარი იყო ასევე იმაზე, რომ მომავალი არჩევნები უნდა იყოს ევროპული სტანდარტის, რისი შეპირებაც ნატო-მ საქართველოს პრემიერისგან მიიღო", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე ზოგადად საუბარი უფრო კონკრეტულ და უფრო დეტალურ ინფორმაციაზე იყო იმის შესახებ, თუ რას აკეთებს საქართველო ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე.

ამასთან, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, სხდომაზე საქართველოში ბოლო დროს განხორციელებულ დაკავებებზე საუბარი არ ყოფილა. მისივე თქმით, საუბარი არ შეხებია აგრეთვე თალიბების მიერ გავრცელებულ ვიდეო-მასალებს.