ალექსი პეტრიაშვილი:  ალიანსის მხრიდან არ გამოთქმულა ეჭვი იმის თაობაზე, რომ რეალურად აქვს ადგილი შერჩევით სამართალს

ალექსი პეტრიაშვილი: ალიანსის მხრიდან არ გამოთქმულა ეჭვი იმის თაობაზე, რომ რეალურად აქვს ადგილი შერჩევით სამართალს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან არ გამოთქმულა ეჭვი იმის თაობაზე, რომ რეალურად აქვს ადგილი შერჩევით სამართალს , - ამის შესახებ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

მისი განმარტებით, პრემიერ-მინისტრმა საბჭოს წევრებს ბოლო დროს განხორციელებულ დაპატიმრებებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

"დაპატიმრებებთან და გახმაურებულ პროცესებთან დაკავშირებით პრემიერმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მათ, თუ რა ღონისძიებებს და რა ქმედებებს ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება, რათა მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს საქართველოში მიმდინარე ეს პროცესები და რომ ამისათვის ყველა პირობაა შექმნილი. საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოვლენილი მისიები თუ ისეთი ცნობილი სახალხო დამცველები, როგორიცაა ჰამარბერგი, ახორციელებენ დაკვირვებას ყოველდღიურად ამ პროცესებზე. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან არ გამოთქმულა ეჭვი იმის თაობაზე, რომ რეალურად ადგილი აქვს შერჩევით სამართალს, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, მთელი ეს პროცესები წარიმართოს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სრული პატივისცემით, რის პასუხისმგებლობასაც საქართველოს ხელისუფლება იღებს და მომავალშიც აიღებს", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.