ბიძინა ივანიშვილი – რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას კვლავ არ ასრულებს

ბიძინა ივანიშვილი – რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას კვლავ არ ასრულებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, საქართველო საკმაოდ რთულ რეგიონში მდებარეობს, რაც ქვეყანას სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს.

"2008 წელს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას რუსეთის მხარე კვლავ არ ასრულებს. ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი კვლავ ოკუპირებულია, ჩვენს წინაშე გლობალიზებული და სწრაფად განვითარებადი მსოფლიოს მრავალი გამოწვევა დგას, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის წინაშე. მაგრამ უმთავრესი მაინც არის ის, რომ ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა მიმართულებით უნდა იაროს, იგი განუხრელად და მტკიცედ ადგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ამ მხრივ უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქართველი ხალხი ევროპულ და ევროატლანტიკური ღირებულებების ერთგულია. სწორედ ამაზე დგას ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა. სწორედ ეს არის მყარი ფუნდამენტი, რაზეც, ნატოსკენ მიმავალ გზაზე ჩვენი წარმატება დაეფუძნება", - აღნიშნა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან ეს იყო ხელისუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით გადაცემის პირველი შემთხვევა.

"ჩვენ მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაკეთდა ეკონომიკის ფეხზე დასაყენებლად, მაღალია უმუშევრობის დონე, ხორციელდება მრავალი რეფორმა სხვადასხვა სფეროში და ეს მუდმივი და ხანგრძლივი პროცესია", - აღნიშნა ივანიშვილმა.