"ნაციონალების" ყოფილი წევრები, წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის სისტემურობაზე საუბრობენ

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალების" ყოფილი წევრები, წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის სისტემურობაზე საუბრობენ. შესაბამისი განცხადებები თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალების" ყოფილმა წევრებმა ნიკო ხაჩირაშვილმა და ზურა გაჩეჩილაძემ შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. საკრებულოს წევრები, სამეგრელოში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეომასალებს გაეცნენ.

"მე დავუშვებდი, რომ სისტემას შეიძლება გაეპაროს ერთი და ორი ფაქტი, მაგრამ როდესაც ათასობით ფაქტზეა საუბარი, ეს უკვე სისტემის დანაშაულია", - განაცხადა ნიკო ხაჩირაშვილმა.
მისივე განმარტებით, ის როგორც ყოფილი "ნაციონალი" ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას იღებს.

"მე ვიღებ ჩემ წილ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე, ამასთან, მივიჩნევ მკაცრად უნდა გასამართლდეს ყველა ადამიანი, ვინც ადამიანთა წამებაში მონაწილეობდა და ვინც ამ საშინელების დამკვეთი იყო", - აღნიშნა ნიკო ხაჩირაშვილმა.

რაც შეეხება ზურაბ გაჩეჩილაძეს, მისი განმარტებით, მან კადრების ყურება მხოლოდ 15 წუთი შეძლო.

"ზოგიერთმა დეპუტატმა კადრებს მხოლოდ 10 წუთი უყურა, მეც მხოლოდ 15 წუთი შევძელი რომ მეყურებინა. ვფიქრობ, რომ ესაა ყოვლად ამაზრზენი ფაქტი. ქართულ ენაში არ არსებობს შესაბამისი ეპითეტი ამ კადრების ზუსტად შესაფასებლად. რა თქმა უნდა, ეს არის სისტემის დანაშაული და ყველა საფუძველი არსებობს ვივარაუდოთ, რომ ამის შესახებ მაღალი თანამდებობის პირები ინფორმირებულები იყვნენ", _ განაცხადა ზურაბ გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას _ რამდენად იღებს პასუხისმგებლობას როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, საკრებულოს დეპუტატის განმარტებით, მისი თანამდებობიდან გამომდინარე, მას მსგავსი ტიპის ინფორმაციაზე წვდომა არასდროს ჰქონია.

"მე კენჭი ვიყარე ვაზისუბნის საარჩევნო ოლქში. შესაბამისად, ჩემი სტატუსი არ იყო იმ დონეზე შესაბამისობის, რომ ამ ტიპის ინფორმაციაზე წვდომა მქონოდა", _ აღნიშნა ზურაბ გაჩეჩილაძემ.