"იდენტობის" სარჩელის განხილვა გადაიდო

საკონსტიტუციო სასამართლომ მოპასუხე მხარის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შუამდგომლობა სასამართლო პროცესის გადადების თაობაზე დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" სარჩელი განიხილებოდა. "იდენტობა" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების იმ ნაწილის გაუქმებას ითხოვს, რომელითაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებს სისხლის დონაცია ეკრძალებათ.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენელმა, გიორგი სულხანიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პროცესის გადადება განპირობებული იყო იმით, რომ მოპასუხე მხარე მუშაობს სადავო კანონმდებლობის დახვეწისთვის. გიორგი სულხანიშვილის თქმით, მოპასუხე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და პროცესი ერთი თვით გადაიდო.

"დღეს მოპასუხე მხარემ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სასამართლო სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა პროცესის გადადების თაობაზე. აღნიშნული განპირობებული იყო იმით, რომ მოპასუხე მხარე აქტიურად მუშაობს სადავო კანონმდებლობის დახვეწისკენ და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის თაობაზე. შესაბამისად, გამომდინარე აქედან, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის ასეთი შუამდგომლობა. პროცესი ერთი თვით გადაიდო, ზუსტი თარიღი კი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი", - აღნიშნა გიორგი სულხანიშვილმა.

ამასთან, როგორც "იდენტობის" იურისტმა, ლევან ასათიანმა ჟურნალისტებს განუმარტა, სისხლის უსაფრთოხების დაცვა უნდა იყოს ინდივიდუალიზებული, უნდა შეეხებოდეს კონკრეტული სქესობრივი ქცევის მქონე პირებს და არა ზოგადად ორიენტაციას.

"მოსარჩელეები დღეს ითხოვენ, რომ სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ორი ბრძანება. კონკრეტულად, ბრძანების კონკრეტული მუხლები, რომელიც სისხლის დონაციას უკრძალავს ჰომოსოქსუალებს. ბრძანების ლოგიკა არის ის, რომ ჰომოსექსუალი პირები რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან. ისინი ამბობენ, რომ განზოგადებულად ყველა ჰომოსექსუალს უფრო მეტი ალბათობა აქვს, რომ ჰქონდეს შიდსის ვირუსი, ვიდრე ჰეტეროსექსუალს. მოსარჩელეების განმარტებით, ასეთი განზოგადება არის დაუშვებელი. აკრძალვა, რომ მოვახდინოთ სისხლის უსაფრთხოების დაცვა, უნდა იყოს ინდივიდუალიზირებული და უნდა შეეხებოდეს კონკრეტული სქესობრივი ქცევის მქონე პირებს და არა ზოგადად ორიენტაციას. მოსარჩელეების წარმომადგენლებს მიგვაჩნია, რომ ეს ბრძანებები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის ორ მუხლს, კერძოდ, მე-14-ე მუხლს, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს და მე-16-ე მუხლი, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას უზრუნველყოფს", - აღნიშნა ლევან ასათიანმა.