თავდაცვის კომიტეტი დახურულ სხდომას გამართავს

თავდაცვის კომიტეტი დახურულ სხდომას გამართავს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, 1 ივლისს, ჯიჰადის სახელით გავრცელებულ ვიდეოებსა და სამეგრელოში აღმოჩენილ წამების ამსახველ ვიდეომასალებთან დაკავშირებით დახურულ სხდომას გამართავს.

ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. კომიტეტის სხდომას დაესწრებიან შს სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე პარლამენტის დეპუტატები. შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისთვის დახურული იქნება.

ამასთან, წამების ამსახველი ვიდეომასალების გამოძიებასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.
"აუცილებელია, რომ თემის სიმძაფრიდან და საზოგადოების მაღალი ინტერსებიდან გამომდინარე, შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ჩვენ დაინტერსებული ვართ იმით, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით ყველა დამნაშავე დაისაჯოს მკაცრად", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მანანა კობახიძის განცხადებით კი, ამ კომისიის შექმნის აუცილებლობა ჯერ არ დგას. მისი თქმით, გამოძიებასთან დაკავშირებით დეპუტატებს კითხვების დასმა 1 ივლისს შს სამინისტროს წარმომადგენლებთან შეეძლებათ.

"მე ვერ ვხედავ საგამოძოებო კომისიის შექმნის აუცილებლობას, რადგან თავად უმცირესობის წევრებიც აღნიშნავენ, რომ შს სამინისტრო ამ მასალების გამოძიებასთან დაკავშირებით ეფექტურად მუშაობს. შესაბამისად, ამის აუცილებლობა არ ჩანს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" 9 წლის განმავლობაში იყო ხელისუფლებაში და მას შეეძლო ეს ფაქტები თავის დროზე გამოეძიებინა.