ეკა გიგაურისთვის გაუგებარია, საკრებულოს წევრებისთვის სამალავებში აღმოჩენილი კადრების ჩვენება რას ემსახურება

ეკა გიგაურისთვის გაუგებარია, საკრებულოს წევრებისთვის სამალავებში აღმოჩენილი კადრების ჩვენება რას ემსახურება

"საერთაშორის გამჭვირვალობა – საქართველოს" ხელმძღვანელის, ეკა გიგაურისთვის გაუგებარია, საკრებულოს წევრებისთვის სამალავებში აღმოჩენილი კადრების ჩვენება რა მიზანს ემსახურება. 

როგორც ეკა გიგაურმა "ინეტრეპრესნიუსს" განუცხადა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რა იყო კადრებში ასახული, ზუგდიდში საუბრობენ, კონკრეტულად ვის შესახებ არის ვიდეოკადრები.

"საკრებულოს წევრებისთვის კადრების ჩვენება რა ლოგიკას და რა მიზანს ემსახურება, გაუგებარია. საინტერესოა, რას ემსახურება სამიზნე ჯგუფების რაოდენობის გაზრდა და რატომ არ ვანახებთ მაშინ მთლიანად საზოგადოებას. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ შემზარავი ფაქტების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასული წლების განმავლობაში.

აუცილებელია, ჩვენ ვიცოდეთ, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ უკანონო ქმედებებში იყვნენ ჩართული, რომლებმაც შექმნეს სისტემა და გასცემდნენ ბრძანებას. თუმცა, ამ პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანების ღირსება და უფლებები, რომლებზეც ხორციელდებოდა არადამიანური ქმედებები, იყოს დაცული. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის გახდა ცნობილი ამ ფაქტების შესახებ და იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ამ ვიდეოებზე ასახული, შესაძლებელი გახდა ამ ადამიანების იდენტიფიკაცია მომხდარიყო. ზუგდიდის რაიონში საუბარია იმაზე, თუ ვინ არიან ეს ადამიანები და უკვე იციან ვინ არიან კადრებში", -აცხადებს გიგაური.