თეა წულუკიანი – დღეიდან მთავარი პროკურატურა იუსტიციის სამინისტროსგან პოლიტიკურად დამოუკიდებელია

თეა წულუკიანი – დღეიდან მთავარი პროკურატურა იუსტიციის სამინისტროსგან პოლიტიკურად დამოუკიდებელია

დღეს დილიდან საქართველოს მთავარი პროკურატურა იუსტიციის სამინისტროსგან პოლიტიკურად დამოუკიდებელია და ყველა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაზე პასუხისმგებელი მთავარი პროკურორია , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადა.

დღეს დილიდან იუსტიციის მინისტრი აღარ არის საქართველოს პროკურორი, შესაბამისად, პროკურატურის საქმიანობაში ჩარევის უფლება ეკრძალება.

"დილიდან მთელი საპროკურორო უფლებამოსილებები, სრული მოცულობით გადაეცა მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, რომელიც მთლიანად იქნება პასუხიმგებელი იმ დანიშვნებზე და გადანიშვნებზე, რომელიც მან 15 დღის ვადაში უნდა დაასრულოს თავისი პირველი მოადგილის, მოადგილეების, ასევე რაიონული თუ ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების მიმართულებით. დღეს დილიდან მთავარი პროკურორი სრულად აგებს პასუხს ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც პროკურატურაში მიმდინარეობს და აღიძვრება მომავალში. ახალი კანონით, იუსტიციის მინისტრს ეკრძალება ჩაერიოს რომელიმე სისხლის სამართლის საქმის მიმიდინარეობაში. ახალი კანონის საფუძველზე, ჩვენ გვეძლევა ორთვიანი ვადა მივიღოთ კანონქვემდებარე აქტები. ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი ცვლილება ის იქნება, რომ იუსტიციის სამინისტორს გენინსპექცია ორად გაიყოფა - მთავარ პროკურატურაში უნდა შეიქმნას ახალი გენინსპექცია, რომლიც პასუხისმგებელი იქნება პროკურორების საქმიანობის კონტროლზე და საჭიროების შემთხვევაში, დასჯაზეც", – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრის აქამდე არსებული უფლებამოსილება- საქართველოს პრეზიდენტის, ელჩის, პარლამენტის წევრის, შეიარაღებული მაღალჩინოსნების, ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და სხვა მაღალჩინოსნების დაკავებისა და მათ წინააღმდეგ სისხლის სამრთლებრივი დევნის შესახებ, სრული მასშტაბით დღეიდან გადავიდა მთავარ პროკურორზე.
"პროკურატურამ მიიღო ის ძალიან საჭირო ავტონომიურობის მაღალი ხარისხი, რაც მათ ადეიშვილის პირობებში არ ჰქონდათ. მე მჯერა, რომ ეს ავტონომიურობა საშუალებას მისცემთ იყვნენ პოლიტიკურად თავისუფლები და რაც შეიძლება მალე მოიპოვონ საზოგადოების ნდობა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

პროკურატურის უფლებამოსილებები იუსტიციის სამინისტროსგან გაიმიჯნა. "საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა და, შესაბამისად, ძალაში შევიდა საკანონმდებლო პაკეტი , რომელიც ამ მიმართულებით სისტემის მთლიანად რეფორმირებას ითვალისწინებს. ცვლილებების ძირითადი არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანაში პირველი პროკურორი იქნება არა იუსტიციის მინისტრი, არამედ - მთავარი პროკურორი.