ვახტანგ ხმალაძე:  კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ იმპიჩმენტის პროცედურაზე დავიწყებთ საუბარს

ვახტანგ ხმალაძე: კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ იმპიჩმენტის პროცედურაზე დავიწყებთ საუბარს

პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემთხვევაში აღარ ამოქმედდება კონსტიტუციის ის ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხამალაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ამ შემთხვევაში პრეზიდენტს ისევ დარჩება ხელში უზარზამარი ძალაუფლება და ეს ძალაუფლება არ გადავა მთავრობის ხელში.

"ამ შემთხვევაში კვლავ გვექნება ისეთივე მდგომარეობა, რომელიც ამჟამად არის, ანუ გვექნება აღმასრულებელი ხელისუფლება გაუყოფელი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, როდესაც ვერ გაიგებ ვინ არის უფროსი და ვინ არის უმცროსი. ასე, რომ კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ ასეთ რამეს გავაკეთებთ", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

მისივე თქმით, იმპიჩმენტის პროცედურა საკმაოდ რთულია.

"ჯერ უნდა დაიწეროს ბრალდება, მას ხელი უნდა მოაწერონ პარლამენტის წევრებმა, შემდგომ ეს ბრალდება დარეგისტრირდეს პარლამენტში, შემდგომ უნდა გადაიგზავნოს სასამართლოში. მე არ ვიცი გია ჟორჟოლიანი რა საფუძვლით ცდილობს იმპიჩმენტის აღძვრას, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა თუ დანაშაულის ნიშნების არსებობა. თუ ორივე იქნა, ორივე, შესაბამის სასამართლოებში, უზენაესსა და საკონსტიტუციოში უნდა გადაიგზავნოს. შემდგომ ამ სასამართლოებმა უნდა იმსჯელონ ამის თაობაზე და განსახილველად ვადა საკმაოდ დიდი აქვთ. თუ სასამართლო დაადასტურებს, შემდგომ პარლამენტში უნდა დაიწყოს საკითხის განხილვა, განხილვის შემდეგ უნდა შედგეს კენჭისყრა და თუ 100 წევრი ან მეტი დაუჭერს მხარს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას, მაშინ შედგება თანამდებობიდან გადაყენება. შესაძლებელია, რომ ეს პრეზიდენტის არჩევნებამდე ვერც მოესწროს. ამასთან, "ქართულ ოცნებას" 100 მხარდამჭერი პარლამენტში და 100 ხმა არ აქვთ", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე განცხადება პარლამენტის წევრმა გია ჟორჟოლიანმა გააკეთა. მისი თქმით, ის დაიწყებს მუშაობას, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს.