საია შსს-ს წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერების ჩვენების შეჩერებისკენ მოუწოდებს

საია შსს-ს წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერების ჩვენების შეჩერებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებისა და საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისთვის ჩვენების შეჩერებისკენ მოუწოდებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ განუცხადა, მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოგიკა არ ესმის.

"გამოძიება მიმდინარეობს, ეს კადრები კი წარმოადგენს მტკიცებულებას და არ შეიძლება მისი საჯარო ჩვენება მოეწყოს. დაინტერესდნენ, მოგვმართეს და ამიტომ ვაჩვენებთ ჩანაწერებსო, ეს არგუმენტი არ არის. საკრებულოს წევრებისთვის ამ კადრების ჩვენება, გამოძიებას ვერანაირ დახმარებას ვერ გაუწევს. უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად კი მისი გასაჯაროება არ შეიძლება.

თუ საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ხდებოდა ადრე, სჯობს ეს სხვა გზით გაიგოს, მაგალითად, ანალიტიკური დოკუმენტით, რომელსაც, როგორც ვიცით, აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ამზადებს. კადრების ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ღიად ჩვენება არ არის სწორი", - განაცხადა კოჟორიძემ.
მისივე განმარტებით, არსებობს რისკი, რომ ჩანაწერებში დაფიქსირებული პირების იდენტიფიცირება მოხდეს.

"როგორც ვრცელდება ინფორმაცია, შესაძლოა ამ პირთა ინდენტიფიცირება მოხდეს. ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ითქვა, რომ კაცი, რომელსაც აწამებდნენ და აუტაპიურებდნენ ვინმე ცნობილი პირი კი არა, გალელი გლეხია, რომელსაც აიძულეს ჯერ კიდევ არგანხორციელებული ტერაქტი წინასწარ ეღიარებინა. ეს არის მაიდენტიფიცირებელი ნიშნების წინასწარ თქმა, რადგან გალელი გლეხი, რომელმაც ტერაქტი აღიარა, ბევრი არ შეიძლება იყოს. როცა ასეთ დეტალებს ამბობ, ამით როგორც მინიმუმ, მის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს მიანიშნებ, ვისზე შეიძლება იყოს საუბარი. ამ ადამიანებისთვის კი ტრავმის კიდევ ერთხელ მიყენება, მით უმეტეს, რომ ცალსახად არაა გამოკვეთილი ჩანაწერების გასაჯაროების ლეგიტიმური მიზანი, გამართლებული არაა", - აღნიშნა საია-ს თავმჯდომარემ და იქვე განმარტა, რომ შეიძლება შსს-ს მხრიდან პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ხელშეუხებლობის დარღვევასა და ღირსების შელახვაზე ვისაუბროთ.

აღნიშნულის კონტექსტში, კახა კოჟორიძემ ისიც განმარტა, რომ ადამიანებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კადრების ჩვენებით მისი ღირსება შელახეს, შეუძლიათ შსს-ის წინააღმდეგ იდაონ.
სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეოფირებს თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებს აჩვენებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, ამ მიზნით ინტერფრაქციული ჯგუფის 23 წევრი უწყებაში 15:00 საათისთვის არის მიწვეული.

სამინისტროს ცნობით, ვიდეომასალის ჩვენება იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით მოხდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს ინტერფრაქციულმა ჯგუფმა წერილობითი თხოვნით შს სამინისტროს 24 ივნისს მიმართა.