რადოსლავ სიკორსკი:  საქართველოსა და უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა გვაღელვებს

რადოსლავ სიკორსკი: საქართველოსა და უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა გვაღელვებს

"ვილნიუსის სამიტის წინ ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრესი შევაფასეთ. ბევრი ქვეყანა წინ მიიწევს, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ორ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა გვაღელვებს ,ეს უკრაინა და საქართველოა", - განაცხადა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს საიტი TvNewsroom ავრცელებს. 

როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გამო ისინი მღელვარებას იწყებენ.

"ოპოზიციას საჯაროდ ემუქრებიან პროკურატურით, თუ ისინი არ შეწყვეტენ მთავრობის კრიტიკას. ეს კი, ევროპული სტანდარტების მიხედვით მიუღებელია. ჩვენ ასევე ძალიან შეშფოთებულები ვართ იმ ხალხის დაკავებებით, რომელთა ბრალეულობა სასამართლოს ჯერ არ აქვს დამტკიცებული. ჩვენ ახლა საქართველოში მოვლენათა განვითარების დეტალურ მონიტორინგზე ვმუშაობთ", - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ როგორც საქართველოს უახლოესი მეგობარი, იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს შენიშვნებს და გააუმჯობესებს სტანდარტებს.

რადოსლავ საკორსკი ასევე შეეხო ფარული ვიდეოჩანაწერების საკითხებს, სადაც ადამიანების წამება იყო ასახული. როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ვიდეომასალები ადგილზე უნდა შეაფასონ დიპლომატებმა, საერთაშორისო ინსტიტუტებმა, ევროპის საბჭომ.

"დარწმუნებული ვარ, არსებობს საქმეები, რომელზეც საქართველოს წინა ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს. მაგრამ, ის მეთოდი და ის წესები, რომლითაც საქართველოს მართლმსაჯულება ხელმძღვანელობს, აქ – ლუქსემბურგშიც და ბრიუსელშიც საქართველოს შესახებ აზრს აყალიბებს", - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ.