მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულის შაბათს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულის შაბათს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულის შაბათს აღნიშნავს. სულის შაბათი სულთმოფენობის წინა დღეს აღინიშნება. ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია გარდაცვლილებს იხსენებს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა და მიცვალებულთათვის პანაშვიდი შესრულდება.

23 ივნისს კი, მართლმადიდებელი სამყარო სულთმოფენობის დღესასწაულს აღინიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. წირვის დასრულების შემდეგ კი, მუხლდრეკის სპეციალური ლოცვა სრულდება, რომლის დროსაც მლოცველებზე სულიწმინდის მადლი გადადის.

სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადმოვიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი. მათ შემყურე იერუსალიმში მცხოვრებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანებს უკვირდათ, რომ ისინი მათთვის გასაგებ ენებზე საუბრობდნენ.