ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდეს

ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდეს

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამეგრელოში, სპეციალურ სამალავში აღმოჩენილ ჩანაწერებთან დაკავშირებით პატიმრობაში მყოფ მის წინამორბედ ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდეს.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა გადაცემა "პოზიციაში" წამყვანის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რამდენადაა შესაძლებელი მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმება მოხდეს.

"რა თქმა უნდა შესაძლებელია. ბუნებრივია, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას იმის თაობაზე, თუ ვინ წარმართავდა ამ ყველაფერს, ვინ იყვნენ იდეოლოგები. იმ წლების განმავლობაში, რომელშიც ის ვიდეოჩანაწერებია გადაღებული, შს მინისტრი იყო სწორედ ვანო მერაბიშვილი, ადამიანი რომელზეც დღეს შექმნეს მითი. სინამდვილეში ის ყველას და ყველაფერს აკონტროლებდა. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ადამიანის ნების და მისი უშუალო თანხმობის მიცემის გარეშე ვინმე გაბედავდა მსგავსი არაადამიანური ქმედების განხორციელებას?! ესაა აბსურდი და მიზანმიმართული კამპანია, რომ მერაბიშვილი როგორმე გაამართლონ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე შეფასებითაც, ადამიანების დაშინების, ტერორის, წამების, არაადამიანურად მოპყრობის და გაუპატიურების "ძალიან კარგად, თუმცა ბოროტულად მოფიქრებული და დეტალურად გაწერილი გეგმა არსებობდა".

რაც შეეხება იმას, თუ რის გამო მოხდა სამეგრელოში აღმოჩენილი ჩანაწერების დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ჩვენება, ღარიბაშვილის თქმით, ეს იმ კრიტიკოსებისთვის გაკეთდა, რომლებიც მერაბიშვილის პოლიტიკური მოტივით დაკავებაზე საუბრობენ.

"ალბათ გახსოვთ კრიტიკოსების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ მითია, თითქოს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება ადამიანებს აწამებდა და აუპატიურებდა. ჩვენი მიზანი იყო, რომ საზოგადოებისთვის სიმართლე დაგვემტკიცებინა, თუმცა, მას ამის დამტკიცება არც სჭირდება. ეს გავაკეთეთ თქვენთვის, კრიტიკოსებისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, რა თქმა უნდა. მიზანი მარტივია _ ჩვენ გვესმის გაუგებარი კრიტიკა და ვანო მერაბიშვილი ლამის წმინდანად შერაცხეს, თითქოს ისაა პოლიტიკური დევნილი, წამებული და ა.შ", - აღნიშნა შს მინისტრმა.