თეა წულუკიანი მწამებლების ღვინის ქურდებად წარმოჩენას დაუშვებლად მიიჩნევს

თეა წულუკიანი მწამებლების ღვინის ქურდებად წარმოჩენას დაუშვებლად მიიჩნევს

იუსტიციის მინისტრი მწამებლების ღვინის ქურდებად წარმოჩენას დაუშვებლად მიიჩნევს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

თეა წულუკიანის შეფასებით, ისინი არ შეიძლება იყვენენ ადამიანები, რომლებსაც სადღაც შეპარვა და ადამიანების ჩუმად წამება შეუძლიათ. ამ მასშტაბის წამება, იუსტიციის მინისტრის აზრით, ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის პოლიტიკური დაკვეთა არსებობს, დამკვეთებს კი, გამოძიება დაადგენს.

"სამალავში აღმოჩენილი კადრები, რომელიც დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შავ ლაქად, უნდა ნახოს ყველა დაინტერესებულმა პირმა ერთი პირობით - მსხვერპლის ვინაობის შეცნობა შეუძლებელი უნდა იყოს. ეს კადრები ამგვარად დაშტრიხული და დაშიფრული, პირველ რიგში, უნდა ნახოს საპარლამენტო უმცირესობამ, საქართველოს პრეზიდენტმა და აწ უკვე პატიმარმა, შს ყოფილმა მინისტრმა, რათა მათ ერთხელ და სამუდამოდ, გაითავისონ რამხელა სისტემური დანაშაულის პირობებში აცხოვრებდნენ ქვეყანას 9 წლის განმავლობაში", _ განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ კადრებზე დაყრდნობით გამომძიებლები სამუშაოს ჩაატარებენ, რათა დადგინდეს დამნაშავეთა ვინაობა.

"ყველაზე მნიშვნელოვანია დადგინდეს ვინ ხელმძღვანელობდა იმ კრიმინალურ სისტემას, რომელიც მეფობდა საქართველოში და რომლის პირობებშიც შესაძლებელი იყო ამგვარად ეწამებინათ ადამიანები. თან გარე-გარე ეძახათ, ჩვენ ვართ დემოკრატიის შუქურა. ვინ ხელმძღვანელობდა ამას და ვინ ქმნიდა ამ სისტემას, პირველ რიგში, ეს უნდა გაირკვეს. რაც შეეხება შემოპარულებს, არ მგონია, რომ მწამებლები შეიძლება წარმოვაჩინოთ ღვინის ქურდებად, რომლებსაც შეუძლიათ სადღაც შეიპარონ და ადამიანი ჩუმად აწამონ", _ აღნიშნა თეა წულუკიანმა.