საქართველოს პრეზიდენტმა ლევან ქარდავას კოჯორში მიწის ნაკვეთი აჩუქა

საქართველოს პრეზიდენტმა ლევან ქარდავას კოჯორში მიწის ნაკვეთი აჩუქა

საქართველოს პრეზიდენტმა ლევან ქარდავას 2011 წელს ერთ ლარად კოჯორში მიწის ნაკვეთი აჩუქა, – ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ლევან ქარდავასთვის კოჯორში 2501 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ერთ ლარად გადაცემის შესახებ განკარგულება პრეზიდენტმა 2011 წლის 16 ნოემბერს გამოსცა.
"საქართველოს პრეზიდენტმა 2013 წლის 20 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ძალოვანი უწყებების ორ ყოფილ თანამშრომელს - დავით ჩხატარაშვილს და ლევან ქარდავას წამების ფაქტების ორგანიზებაში დასდო ბრალი. ამავე განცხადებაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პირადად არ იცნობდა და არც იცოდა ვინ იყვნენ ეს პიროვნებები. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" სწავლობს 2005-2012 წლებში პრეზიდენტის მიერ პირდაპირი განკარგვის წესით კერძო პირებისთვის სიმბოლურ თანხად 1 ლარად გადაცემულ ქონებას. დოკუმენტაციის შესწავლისას გამოიკვეთა კერძო პირთა სია, რომლებსაც უსასყიდლოდ და ყოველგვარი საინვესტიციო პირობის გარეშე გადაეცათ ქონება. აღნიშნულ პირთა სიაში შედის პრეზიდენტის მიერ ხსენებული ლევან ქარდავა. 2011 წლის 16 ნოემბერს პრეზიდენტის #16/11/05 განკარგულებით ლევან ქარდავას 1 ლარად გადაეცა 2501 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კოჯორში (საკადსტრო კოდი: 81.01.06.325). აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ლევან ქარდავას სახელზეა რეგისტრირებული და მის თანამდებობრივ დეკლარაციაშიაც არის აღნიშნული",-ნათქვამია განცხადებაში.