ადვოკატი - ლევან ქარდავას მხრიდან ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა გამორიცხულია

ადვოკატი - ლევან ქარდავას მხრიდან ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა გამორიცხულია

ლევან ქარდავას მხრიდან ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა გამორიცხულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ლევან ქარდავას ადვოკატმა კახა შონიამ განუცხადა.

ადვოკატის განცხადებით, რა თანამშრომლობაზეა საუბარი, როდესაც ლევან ქარდავა უკვე ბრალდებულია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება ვერ მოახერხა.

"ქარდავა, კონკრეტულ საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით არის ბრალდებული, რაც სამსახურეობრივ უფლებამოსილების გადაჭარბებას გულისხმობს და თავისუფლების სამ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეზე პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს და ბესიკ სურმავას ეპიზოდს ეხება. ის თავს უდანაშაულოდ ცნობს და პროკურატურასთან ამ სამწლიან მუხლზე საპროცესო შეთანხმება ვერ მოხერხდა. აქედან გამომდინარე, მის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას გამოვრიცხავ", - განაცხადა კახა შონიამ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრის ბესიკ სურმავას საქმეზე დაკავებული 21 ყოფილი მაღალჩინოსნიდან, ბრალდების განრიდება ყველას შემთხვევაში მოხდა, გარდა ლევან ქარდავას, ვაჟა ლილუაშვილისა და შოთა ხიზანიშვილისა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ "დარღვევების ჩამდენი ორი მთავარი ფიგურა" - ჩხატარაშვილი და ლევან ქარდავა დაასახელა. როგორც პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, კონკრეტულ სისტემას, დარღვევების ჩამდენებს აქვთ სახელები და გვარები.

"ორი მთავარი ფიგურა - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვინმე ჩხატარაშვილი და კუდ-ის ფაქტობრივი უფროსი, ლევან ქარდავა, რომელიც ჩვენს მთავრობას გადმოჰყვა შევარდნაძის მთავრობიდან, სამწუხაროდ, დავტოვეთ და ძველი ცოდვები, როგორც ჩანს, მას ჩამოაწერეს ჩვენ დროსაც. დღეს ორივე თანამშრომლობს საქართველოს ახალ მთავრობასთანაც. ჩხატარაშვილი არის მარჯვენა ხელი მთავრობის მთავარი მრჩევლის და ბიზნესში მთავარი ბატონ-პატრონის, გია ხუხაშვილის. ის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია პროკურატურის მიერ განხორციელებული საქმეების, დღესდღეობით. ლევან ქარდავა არის ის ადამიანი, რომელიც პარლამენტში ჩვენი ფრაქციის წევრებს ყოველდღიურად ელაპარაკება დ აიძულებს, გავიდეს "ნაციონალური მოძრაობიდან" და აქტიურად თანამშრომლობს დღევანდელ მთავრობასთან. ეს ორი ადამიანი იყო საუბედუროდ ბევრი უკანონობის ჩამდენი, როგორც ახლა ირკვევა. მე ამ ორ ადამიანს არ ვიცნობდი, არ ვიცოდი ვინ იყვნენ ამ ბოლო დრომდე, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ჩემს პასუხისმგებლობას. სიცოცხლის ბოლომდე ვინანებ, რომ ასეთი საშინელების ჩამდენი სუბიექტები გადმოვიყოლეთ წინა მთავრობიდან, მივიღეთ ჩვენს მთავრობაში და მსახურობდნენ ჩემი მთავრობის დროს. მაგრამ, მე ასევე მინდა ვუთხრა დღევანდელ მთავრობას - ამ ხალხს არც მილიონებს არ უნდა აძლევდნენ, როგორც ჩემი ინფორმაციით, მათ უხდიან ბინძური შეკვეთების შესრულებაში, იმის სანაცვლოდ, რომ თავის მიერ ჩადენილი სიბინძურეები ბოლომდე ჩამოიწერონ და ყველაფრიდან გამოვიდნენ გამდიდრებულები", - განაცხადა სააკაშვილმა.