აშშ-ის საელჩო Wall Street Journal-ის სტატიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო Wall Street Journal-ის სტატიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო Wall Street Journal-ის სტატიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "შეერთებული შტატების მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ირანის მიერ სანქციებისათვის თავის არიდების ყველა მცდელობის აღკვეთას, მათ შორის საქართველოში შესაძლო ბიზნეს-კავშირების საშუალებით. ამ საკითხზე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართველებთან.

სტატიაში გამოქვეყნებული ზოგიერთი განცხადების საწინააღმდეგოდ, ჩვენ ვხედავთ საქართველოს მთავრობის შეურყეველ ინტერესს, მჭიდრო ურთიერთობა იქონიოს შეერთებულ შტატებთან, აგრეთვე ვხედავთ ძლიერ სურვილს, რომ საქართველომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია გააგრძელოს.

ბოლო წლებში ირანის მიერ საქართველოში სანქციებისათვის თავის არიდების მცდელობების გამო შეერთებული შტატების შეშფოთება გაიზარდა. შეერთებული შტატების წუხილი დღევანდელი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლამდე იღებს სათავეს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზეა განთავსებული.

Wall Street Journal-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "საქართველოში ირანელების ინვესტიცია სანქციების მიუხედავად იზრდება". როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოში თითქმის ყველა პროდუქტი არის ირანული, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ირანულ ბიზნესს სანქციებს უწესებს, მათ შორის - საზღვარგარეთაც. ამავე სტატიაში ამერიკის ხაზინის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამერიკა ორიენტირებულია, არ დაუშვას ირანელების მცდელობა, თავი აარიდონ სანქციებს, მათ შორის - შესაძლო ბიზნესკავშირებით საქართველოში.