წამებასა და გაუპატიურებაში ბრალდებულთა პროცესი დაიხურა

წამებასა და გაუპატიურებაში ბრალდებულთა პროცესი დაიხურა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ესებუამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და წამებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებულებს აღმკვეთ ღონისძიებას დახურულ პროცესზე შეუფარდებენ.

პროკურატურამ აღნიშნული შუამდგომლობა პროცესის მიმდინარეობისას დააყენა, რომელსაც მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

პროკურორის განცხადებით, არ არის გამორიცხული, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესში სასამართლო საქმის ფაქტობრივ გარემოებებს შეეხოს. პროკურორის თქმით, საქმე ღირსების შემლახველ მოქმედებებს შეიცავს, მათ შორის გაუპატიურებას და, დაზარალებულთა ინტერესებიდან გამომდინარე, სხდომა სრულად უნდა დაიხუროს.

"წარდგენილი ბრალდებები, დასაბუთებული ვარაუდით, ჩადენილია პირადი ღირსების შემლახავი ქმედებებით, მათ შორის ადგილი აქვს სქესობრივ დანაშაულს - გაუპატიურებას. აქედან გამომდინარე შესაძლოა, გახსნილი სხდომის პირობებში დაზარალებულების უფლებები შეილახოს. აქედან გამომდინარე მივიჩნევთ, რომ ხდომა უნდა დაიხუროს", - განაცხადა პროკურორმა.
აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარის არც ერთი ადვოკატი, მათ შორის არც თავად ბრალდებულები არ დაეთანხმნენ.

დაცვის მხარის განცხადებით, საქმეზე საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი არსებობს და საქმის გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით სხდომა გახსნილი უნდა იყოს, როგორც მედიისთვის, ისე საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლებისთვის.

მიუხედავად დაცვის მხარის ამ პოზიციისა, მოსამართლემ პროკურატურის შუამდლობა დასაბუთებულად მიიჩნია და პროცესი დაიხურა.

სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავის საქმეზე დაკავებული ცხრა პირიდან დღევანდელ პროცესს რვა ესწრება. ერთ-ერთმა ბარლდებულმა კი, გუშინ თვითდაზიანებები მიიყენა, რის გამოც საავადმყოფოშია გადაყვანილი.