სასამართლოში ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს

სასამართლოში ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამეგრელოში აღმოჩენილი ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება , პროცესზე 8 პირი მიიყვანეს, მე-9 დაკავებულის სასამართლოში მიყვანა ვერ მოხერხდა, რადგან მან წუხელ ე.წ მოდულის შენობაში თვითდაზიანებები მიიყენა და საავადმყოფოში იმყოფება.

ამასთან, სასამარლო პროცესს ესწრება ის დაკავებულიც, რომელიც უშუალოდ გაუპატიურებაშია ბრალდებული.

პროკურატურა აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს, თუმცა დაცვის მხარე დაკავებულების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

დაკავებულ პირებს ბრალი წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით აქვთ წაყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, იარაღის უკანონო შეძენა - შენახვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით შსს-ს სამეგრელო - ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები დააკავეს. ასევე დაკავებულია თ.უ, რომელიც ვიდეომასალაზე აღბეჭდილ პირებზე უშუალოდ ახორციელებდა სექსუალურ ძალადობას.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ დაკავებულების წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში. ბრალდებული პირების იდენტიფიცირება მოხდა სამეგრელოში შენიღბულად მოწყობილ, სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირების საშუალებით.

ამავე სისხლის სამართლის საქმეებზე დადგენილია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების: მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავას ბრალეულობა. გამოძიების ინფორმაციით, კოხტა კოდუა და დავით ჩაგინავა ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან, მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით უკვე იძებნება.