საბურთალოს გამგეობა ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის ტრენინგის ჩატარებას ანტალიაში აპირებს

საბურთალოს გამგეობა ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის ტრენინგის ჩატარებას ანტალიაში აპირებს

საბურთალოს რაიონის გამგეობა ამხანაგობების თავმჯდომარეებისათვის სემინარ-ტრენინგის ჩასატარებლად 180 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესაბამისი სატენდერო განცხადება კონკურენცისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სატენდერო განცხადების მიხედვით, სემინარ-ტრენინგში 300 პირმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.

სემინარის პერიოდი სამ სრულ დღეს და სამ ღამეს უნდა მოიცავდეს და 2013 წლის 28 ივნისიდან 10 ივლისამდე პერიოდში უნდა გაიმართოს.

სატენდერო წინადადების მიხედვით, ტრენინგი უნდა გაიმართოს სასტუმროში, რომელშიც იქნება ორადგილიანი ნომრები. სასტუმროს უნდა ჰქონდეს ტრეინინგ-სემინარის ჩასატარებლად არანაკლებ 200 კაციანი საკონფერენციო დარბაზი, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამჯერად კვება, 2 ე.წ. coffee break.

მიმწოდებელმა მომსახურების გაწევის ვადებში უნდა უზრუნველყოს დელეგაციის სრული სატრანსპორტო მომსახურება და საჭირო სამგზავრო სრული დოკუმენტაციით უზრუნველყოფა.
სატენდერო განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, სად უნდა გაიმართოს სემინარი, თუმცა როგორც "ინტერპრესნიუსისათვის" გახდა ცნობილი, საბურთალოს გამგეობა სემინარის ჩატარებას თურქეთში, კერძოდ კი ანტალიაში გეგმავს და ამის შესახებ ამხანაგობების თავმჯდომარეეები უკვე ინფორმირებული არიან.

"ინტერპრესნიუსისათვის" ასევე ცნობილი გახდა, რომ გამგეობა თავმჯდომარეების წაყვანას შერჩევით ახორციელებს და მხოლოდ იმ ამხანაგობების თავმჯდომარეების წაყვანას აპირებს, რომლებიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერები არიან.

სატენდერო წინადადებების მიღება 24 ივნისს იწყება და 26 ივნისს დასრულდება.