მიხეილ სააკაშვილმა

მიხეილ სააკაშვილმა "დარღვევების ჩამდენი ორი მთავარი ფიგურა" დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "დარღვევების ჩამდენი ორი მთავარი ფიგურა" - ჩხატარაშვილი და ლევან ქარდავა დაასახელა. როგორც პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, კონკრეტულ სისტემას, დარღვევების ჩამდენებს აქვთ სახელები და გვარები.

"ორი მთავარი ფიგურა - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვინმე ჩხატარაშვილი და კუდ-ის ფაქტობრივი უფროსი, ლევან ქარდავა, რომელიც ჩვენს მთავრობას გადმოჰყვა შევარდნაძის მთავრობიდან. სამწუხაროდ, დავტოვეთ და ძველი ცოდვები, როგორც ჩანს, ჩამოაწერეს მას ჩვენ დროსაც. დღეს ორივე თანამშრომლობს საქართველოს ახალ მთავრობასთანაც. ჩხატარაშვილი არის მარჯვენა ხელი მთავრობის მთავარი მრჩევლის და ბიზნესში მთავარი ბატონ-პატრონის, გია ხუხაშვილის. ის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია პროკურატურის მიერ განხორციელებული საქმეების, დღესდღეობით. ლევან ქარდავა არის ის ადამიანი, რომელიც პარლამენტში ჩვენი ფრაქციის წევრებს ყოველდღიურად ელაპარაკება დ აიძულებს, გავიდეს "ნაციონალური მოძრაობიდან" და აქტიურად თანამშრომლობს დღევანდელ მთავრობასთან. ეს ორი ადამიანი იყო საუბედუროდ ბევრი უკანონობის ჩამდენი, როგორც ახლა ირკვევა. მე ამ ორ ადამიანს არ ვიცნობდი, არ ვიცოდი ვინ იყვნენ ამ ბოლო დრომდე, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ჩემს პასუხისმგებლობას. სიცოცხლის ბოლომდე ვინანებ, რომ ასეთი საშინელების ჩამდენი სუბიექტები გადმოვიყოლეთ წინა მთავრობიდან, მივიღეთ ჩვენს მთავრობაში და მსახურობდნენ ჩემი მთავრობის დროს. მაგრამ, მე ასევე მინდა ვუთხრა დღევანდელ მთავრობას - ამ ხალხს არც მილიონებს არ უნდა აძლევდნენ, როგორც ჩემი ინფორმაციით, მათ უხდიან ბინძური შეკვეთების შესრულებაში, იმის სანაცვლოდ, რომ თავის მიერ ჩადენილი სიბინძურეები ბოლომდე ჩამოიწერონ და ყველაფრიდან გამოვიდნენ გამდიდრებულები",-განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა ვლადიმერ ბედუკაძისთვის ბრალის მოხსნის საკითხს. "რეალურად, წარმოუდგენელი სადისტი და მოძალადე ბედუკაძე პრაქტიკულად გმირის სტატუსით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მთავარი პროკურორის მიერ, თუმცა ვიცით, რომ არ იყო მისი გადაწყვეტილება, გაშვებული იქნა გარეთ. პრაქტიკულად ჩამოეწერა ყველაფერი ის, რაც მან თავისი ნებით თუ ვიღაცის დაკვეთით გააკეთა. მე ვფქირობ, რომ ასეთ შემთხვევაში თუ სამართლიანობის აღდგენის ტერმინს გამოვიყენებთ, სამართლიანობის დადგენა უნდა იყოს ის, რომ ვინც ეს გააკეთა, კონკრეტული შემსრულებელი კონკრეტულად უნდა აგებდეს პასუხს",-დასძინა სააკაშვილმა.