ვიდეოკადრების საზოგადოებისთვის ჩვენებას ჟურნალისტთა ნაწილი ემხრობა, ნაწილი - ეწინააღმდეგება

ვიდეოკადრების საზოგადოებისთვის ჩვენებას ჟურნალისტთა ნაწილი ემხრობა, ნაწილი - ეწინააღმდეგება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამეგრელოში აღმოჩენილი კადრების საზოგადოებისთვის ჩვენებას, ჟურნალისტთა ერთი ნაწილი ემხრობა , ხოლო მეორე ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

როგორც შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტმა ლუბა ელიაშვილმა განაცხადა, ის რაც მათ ნახეს, შემზარავი იყო.

"ეს ყველაფერი შემზარავია. მე მგონია, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს როგორი მძიმე დანაშაულები ხორციელდებოდა მაღალჩინოსანი პერსონების მიერ და წარმოუდგენელია, რომ ამ სისტემურ დანაშაულს ჩადიოდნენ ერთეულები. ეს იყო სისტემური დანაშაული. ეს თანდათან სულ უფრო ცხადი ხდება. ქართული საზოგადოება არ არის უმწიფარი ბავშვი, რომ მას სიმართლე დაუმალო, უნდა იცოდნენ რეალურად რა ხდება" , – აღნიშნა ელიაშვილმა.

"რუსთავი2"-ის საინფორმაციო გადაცემა "კურიერის" წამყვანი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ჟურნალისტებისთვის ეს კადრები აუცილებლად უნდა ეჩვენებინათ. თუმცა, მისივე განმარტებით, კადრები ძალიან მძიმე საყურებელი იყო.

"კადრები ძალიან მძიმეა. ყურების დროს ყველას ერთნაირი რეაქცია ჰქონდა. ვერც ვუყურეთ ბოლომდე, ბოლოს მოთხოვნა იყო, რომ კადრები გაჩერებულიყო, რადგან ამის ყურება წარმოუდგენელია. ჟურნალისტებისთვის ეს კადრები უნდა ეჩვენებინათ რადგან ყოფილიყო წარმოდგენა რასთან გვქონდა საქმე", – განაცხადა უდუმაშვილმა.

ჟურნალისტი მაკა ანთიძე მიიჩნევს, რომ კადრები საზოგადოებამ არ უნდა ნახოს, რადგან ამან შეიძლება დიდი ვნებათაღელვა გამოიწვიოს.

"კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ ამ კადრების საზოგადოებისთვის ჩვენება მოხდეს, რადგან ვთვლი, რომ ამის ჩვენება გამოწვევს არა მარტო ვენაბათაღელვას, არამედ, ამან შეიძლება გამოიწვიოს კანონდარღვევა და დანაშაული", – აცხადებს მაკა ანთიძე.