დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები საქართველოს დემოკრატიის განვითარებისკენ სწრაფვას მიესალმებიან.
როგორც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი მალკოლმ რიფკინგმა განაცხადა, საქართველოში გაიმართა სამართლიანი არჩევნები, რომელიც დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია.
"ჩვენ მივესალმებით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის დიდ ბრიტანეთში ვიზიტს, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში ურთიერთობა ელექტრონული ფოსტით, ტელეფონითა და თუნდაც ტელევიზიით მყარდება. თუმცა, პირისპირ შეხვედრა, ახალ ადამიანებთან გაცნობის უკეთეს შანსს გაძლევს. მე რამდენჯერმე ვარ ნამყოფი საქართველოში, თბილისში, კახეთში, ქვეყნის სხვა მხარეში. იქ ყოფნით საქართველოზე უფრო მეტი შევიტყვე. საქართველოს დელეგაციის დიდი ბრიტანეთში სტუმრობა კი ბრიტანელების უკეთ გაცნობას შეუწყობს ხელს. მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში იოლი ამოცანა არ არის, თქვენ ბევრი ის ეტაპი უნდა გაიაროთ, რაც თავის დროზე სხვა ქვეყნებმა გაიარეს. ეს დროის საკითხია. თუმცა, ვფიქრობ, რომ საქართველო და ევროკავშირი განხორციელებადი მიზანია", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა მალკოლმ რიფკინგმა.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრის მარკ რეკლესის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო.
"ჩვენ საკმაოდ სასარგებლო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ქართულ დელეგაციასთან. ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებზე და ამ საკითხებზე საქართველოს ახალი ხელისუფლების აზრი მოვისმინეთ. მათ შორის, ისეთ საკითხზეც, როგორიც წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დაკავებებია. მიველსამები იმ ფაქტს, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი კვლავ არსებობს. მე ასევე მესმის, რომ ახალი ხელისუფლებისა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტულებების მიმართ დიდი მოლოდინი არსებობს, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ გვესმის, რომ ეს ახალი ხელისუფლებაა და ვიმედოვნებ, რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, კერძოდ, კანონის უზენაესობის მხრივ და ყველა ეჭვმიტანილს სამართლიანად მოეპყრობიან. ყველაფრის მიუხედავად, მე ვფიქრობ, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ევროატლანტიკური ალიანსში ინტეგრაციის მიმართულებით სვლა", - აღნიშნა მარკ რეკლესმა.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.