ეკა გიგაური:  დადასტურდა, რომ წინა ხელისუფლება ოპოზიციაზე ინტენსიურ თვალთვალს ახორციელებდა

ეკა გიგაური: დადასტურდა, რომ წინა ხელისუფლება ოპოზიციაზე ინტენსიურ თვალთვალს ახორციელებდა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" თავმჯდომარის ეკა გიგაურის განცხადებით, დადასტურდა განცხადება , რომ წინა ხელისუფლება ოპოზიციაზე ინტენსიურ თვალთვალს ახორციელებდა. ამის შესახებ ეკა გიგაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადამიანების უკანონო თვალთვალისა და პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალებს კვირას გაანადგურებს. როგორც გიგაურმა აღნიშნა, შსს-ში სულ 12 888 ჩანაწერი და 304 დისკი აღმოჩნდა.

"გუშინდელ შეხვედრაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში საუბარი შეეხო იმ ვიდეომასალებს, რომელიც უნდა განადგურდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რას ვანადგურებთ, ვინ არიან ეს ადამიანები. ამიტომაც მოგვაწოდეს ცხრილი, სადაც ეს ყველაფერი იყო აღნუსხული. შსს-მ უნდა დააგინოს, ვინ იწერდა ამ ყველაფერს და ვისი დაკვეთით ხდებოდა ეს, რათა ეს ადამიანები სამაგალითოდ დაისაჯონ. მთლიანობაში საუბარია 12 888 ჩანაწერზე და 304 დისკზე. ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ამ ვიდეომასალებით ისინი იღებდნენ ინფორმაციას პოლიტიკურ ოპონენტების გეგმებზე, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, რადგანაც დადასტურდა ოპოზიციის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ წინა ხელისუფლება მათზე ინტენსიურ თვალთვალს ახორციელებდა. ეს კამერები, ხშირ შემთხვევაში დამონტაჟებული იყო მათ ოფისებში ან ჩაწერილია აგენტების მიერ. რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველ ფაქტებს, ამ კადრების დიდი ნაწილი ჩაწერილია სხვადასხვა სასტუმროებში დამონტაჟებული ფარული კამერების საშუალებით", - აცხადებს გიგაური და დასძენს, რომ შსს-ში არ გამორიცხავენ, რომ ამ ფარული ჩანაწერების ასლები არსებობდეს.

როგორც ცნობილია, აღმოჩენილი ვიდეომასალა კვირას, 23 ივნისს განადგურდება.