ახლობლების ინფორმაციით, მიკაელ კადიევი საქართველოს ტერიტორიაზე მეორედ არის დაკავებული

ახლობლების ინფორმაციით, მიკაელ კადიევი საქართველოს ტერიტორიაზე მეორედ არის დაკავებული

იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შენახვისთვის დაკავებული მიკაელ კადიევი საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად მეორედ არის დაკავებული , - ამის შესახებ ჟურნალისტებს მიკაელ კადიევისა და რიზვან ომაროვისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შემდეგ კადიევის ახლობლებმა გაუცხადეს. 

მათი ინფორმაციით, 2012 წელს, კადიევი დაკავებული იყო ამჟამად გაუჩინარებულად ცნობილ ქისტ მაგამედ მაგამედოვთან ერთად. კერძოდ, ახლობლების ინფორმაციით, მაშინ კადიევის ვინაობა გაჟღერდა როგორც მიქაელ ქადოევი.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მაგამედოვთან ერთად დაკავების შემდეგ, მიქაელ ქადოევი სამართალდამცველებს ბათუმიდან მომავალ გზაზე გაექცათ. ამ დროს სამართალდამცველების მხრიდან მას პასპორტი ჰქონდა ჩამორთმეული, ახლა კი ახლობლების ინფორმაციით, იარაღის და ასაფეთქებელი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შენახვის ბრალდების საქმეში სწორედ ის დოკუმენტი ჩაუდეს, რომელიც გაქცევამდე ჰქონდა ჩამორთმეული.

აღნიშნული ინფორმაცია ნაწილობრივ დღეს პროცესზე თავად მიკაელ კადიევმაც განაცხადა. მისი თქმით, მას წართმეული პასპორტი ჩაუდეს საქმეში. 2012 წლის ოქტომბერში მაგამედ მაგამედოვი ოფიციალური ვერსიით დაკავებულ იქნა საზღვრის უკანონო გადმოკვეთის ბრალდებით, თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგი წარმოშობიდან გამომდინარე სამართალდამცველების ინტერესს წარმოადგენდა და ამის გამო დააკავეს.

მაგამედოვს ამნისტია შეეხო და იგი 2012 წლის ბოლოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაათავისუფლეს, ამჟამად კი მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოსულები იყვნენ მაგამედოვის ახლობლები, რომლებიც შსს-ს მათი დაკარგული ახლობლის ადგილსამყოფელის დადგენას სთხოვდნენ. ოჯახის წევრების ერთ-ერთი ვერსიით, იგი რუსეთის სპეცსამსახურებს გადაეცათ, თუმცა შსს აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

რაც შეეხება მიკაელ კადიევს, მისი ახლობლების განცხადებით, მაგამედოვი კადიევმა ბათუმში 2012 წელს შემთხვევით ნახა, როდესაც საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა და სწორედ ამ დროს მაგამედოვის დაკავებასთან ერთად კადიევიც

აიყვანეს, თუმცა დოკუმენტები წესრიგში ჰქონდა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, პასპორტის ჩამორთმევის შემდეგ კი როდესაც კადიევი ქართველ სამართალდამცველებს გაექცა, ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა ვერ შეძლო და სწორედ აქედან გამომდინარე იმყოფებოდა თბილისში.

დღეს კადიევს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იგი მის ბიძაშვილ ომაროვთან ერთად იარაღის საბრძოლო მასალების და ასაფეთქებელი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შეახვაშია ბრალდებული, რასაც სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწიენებს.