"აშშ-ის კანონმდებლებთან მიმდინარე საკითხების შესახებ კომუნიკაციაში ხარვეზები გვაქვს"

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ექსპერტის ირაკლი მენაღარიშვილის შეფასებით, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლებთან მიმდინარე საკითხების შესახებ კომუნიკაციაში ხარვეზები აქვს.

ამის შესახებ მენაღარიშვილმა "პირWელთან" აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობათა პალატის კანონპროექტის ვერსიაში არსებული ჩანაწერის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, "საქართველოს მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გატარებულმა ზომებმა, რომლებიც გარკვეულწილად, პოლიტიკური მოსაზრებებით არის მოტივირებული, შესაძლოა, მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონიოს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე".

ზოგადად, ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება საქართველოს მხარდაჭერისაკენ არის მიმართული.

"ეს განცხადება ქვეყნის მხარდაჭერისკენ არის მიმართული, მაგრამ საკმაოდ კრიტიკულ ელემენტებს შეიცავს, რომელიც საქართველოში დღეს არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ეხება. კანონპროექტის ვერსიაში ეს ჩანაწერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენ მიმდინარე საკითხებზე აშშ-ის კანონმდებლებთან მკაფიო კომუნიკაცია არ გვაქვს. ამ მიმართულებით ხარვეზებია. მიუხედავად ამისა, ვიდრე უფრო დეტალურად შევაფასებთ, საჭიროა, გაირკვეს რა პირობებში ჩამოყალიბდა ეს კანონპროექტი და სად იყო ქართული მხრიდან შეცდომა დაშვებული", - განაცხადა მენაღარიშვილმა.

ექსპერტი ეთანხმება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მსგავსი ჩანაწერი საქართველოში კერძო ინტერესებით მოქმედი პირების ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთდა, თუმცა იქვე დასძენს, რომ "კონგრესმენები დასკვნებს მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით არ აკეთებენ".