თეა წულუკიანი:   მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ დადებითი დასკვნა მოამზადა

თეა წულუკიანი: მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ დადებითი დასკვნა მოამზადა

მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ დადებითი დასკვნა მოამზადა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, კომისია ქართულ მხარეს რამდენიმე რეკომენდაციასაც სთავაზობს, თუმცა იქვე განამარტავს, რომ "ზოგიერთს გაითვალისწინებენ, ზოგიერთს - არა".

"ხარვეზების დამდგენი კომისია არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს დასრულდა ვენეციის კომისიის სხდომა, სადაც ალექსანდრე ბარამიძემ წარმოადგინა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი. ვენეციის კომისიამ დადებითი დასკვნა დადო, თუმცა შემოგვთავაზა რამდენიმე გაუმჯობესება, ამ გაუმჯობესებებიდან რამდენიმეს გავითვალისწინებთ, ზოგიერთს - ვერა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, ვენეციის კომისიის პოზიციაა, რომ საკითხი ქართულ საზოგადოებაში მისი საჭიროების მიხედვით გადაწყდეს.

"ვენეციის კომისიამ თქვა, რომ თუკი საზოგადოებაში ამის საჭიროება არსებობს, ეს არ არის მისი განხილვის თემა და ეს თავად ქვეყნის შიგნით უნდა გადაწყდეს. ქვეყნის შიგნით კი, მიგვაჩნია, რომ ამგავარი კომისიის არსებობა აუცილებელია, რათა სასამართლომ თავიდან გახსნას სისხლის სამართლის უსამართლოდ განხილული საქმეები და ახალი განაჩენები დაადგინოს", -აღნიშნა წულუკიანმა.