თეა წულუკიანი:  კონგრესის განცხადებაში გამოთქმული ეჭვი უსაფუძვლოა

თეა წულუკიანი: კონგრესის განცხადებაში გამოთქმული ეჭვი უსაფუძვლოა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის განცხადებას ეხმაურება და მაღალჩინოსნების პოლიტიკური მოტივით დაკავების თაობაზე გამოთქმულ ეჭვს უსაფუძვლოს უწოდებს. 

"კონგრესის განცხადებაში გამოთქმული ეჭვი არის უსაფუძვლო. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოში გვინდა დავამკვიდროთ სამართლებრივი კულტურა, რომლის პირობებშიც, არც ხელისუფლებში და არც ოპოზიციაში ყოფნა არ არის სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი", _ განუცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს კონგრესის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე კომენტირებისას.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში, რომელიც კონგრესის ბიბლიოთეკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არჩეული საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წევრების მიმართ გატარებული ზომები, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

"2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების 100-მდე წევრი გასამართლდა დანაშაულებრივი ქმედებებისთვის. მსგავსი ბრალდება წაუყენეს ოპოზიციის წევრებსაც, მათ შორის ვანო მერაბიშვილს, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ამან შესაძლოა, გავლენა იქონიოს თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანზე 2013 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე. საქართველოს მთავრობამ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობის აღსაკვეთად და დამნაშავეთა დასასჯელად. ეს ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მთავრობის წინსვლას თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნის კუთხით, სადაც ძირითადი თავისუფლება, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის თავისუფლება, გარანტირებული უნდა იყოს.

აშშ ერთგული რჩება, დაეხმაროს ქართველ ხალხს თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნაში;

საქართველოს მთავრობის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა, რომლებიც ნაწილობრივ პოლიტიკურად მოტივირებულია, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნეგატიური დარტყმა მიაყენოს აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობას, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხებში მყარი ურთიერთობის დამყარების მცდელობაში, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის წინსვლას", - ნათქვამია კონგრესის განცხადებაში.