უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ კონგრესის განცხადება უფრო მეტად გარკვეულ პოლიტიკურ მოსაზრებებს ეყრდნობა

უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ კონგრესის განცხადება უფრო მეტად გარკვეულ პოლიტიკურ მოსაზრებებს ეყრდნობა

"მე ვერ განვიხილავ სექტემბერში დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეებს როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ამერიკის კონგრესის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, იგივე შეიძლება ითქვას შემდგომ პერიოდში განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით.

"ინფორმაცია 100-მდე მაღალჩინოსნის დაკავების შესახებ სწორი არ არის, აყვანილია მხოლოდ რამდენიმე მაღალჩინოსანი. რაც შეეხება გასული წლის სექტემბერში დაკავებულ პირებს, რომლებიც წამების მუხლით და სხვა მძიმე დანაშაულისთვის იქნენ დაპატიმრებული, მე რა თქმა უნდა, ვერ განვიხილავ მათ დაკავებებს როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს. სახახლო დამცველის აპარატი სწავლობს ყველა მათგანის საქმეს და მათზე სპეციალურ ანგარიშს გამოვაქვეყნებთ, თუმცა ამ ეტაზე გამიჭირდება რაიმე სახის პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბარი", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

აღნიშნულ კონტექსტში სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ კონგრესის განცხადება უფრო მეტად "გარკვეულ პოლიტიკურ მოსაზრებებს და პოლიტიკურ ურთიერთკავშირებს ეყრდნობა".

" ეს არ არის კონგრესის განცხადება. ესაა რამდენიმე ადამიანის მიერ შემუშავებული წერილი, რომლებსაც საკუთარი წყაროები ჰყავთ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მათი ინფორმაციები არ არის დამყარებული კონკრეტულ ფაქტებზე და ის უფრო მეტად ეფუძნება გარკვეულ პოლიტიკურ მოსაზრებებს და პოლიტიკურ ურთიერთკავშირებს" , – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში, რომელიც კონგრესის ბიბლიოთეკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არჩეული საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წევრების მიმართ გატარებული ზომები, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

"2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების 100-მდე წევრი გასამართლდა დანაშაულებრივი ქმედებებისთვის. მსგავსი ბრალდება წაუყენეს ოპოზიციის წევრებსაც, მათ შორის ვანო მერაბიშვილს, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ამან შესაძლოა, გავლენა იქონიოს თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანზე 2013 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე. საქართველოს მთავრობამ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობის აღსაკვეთად და დამნაშავეთა დასასჯელად. ეს ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მთავარობის წინსვლას თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნის კუთხით, სადაც ძირითადი თავისუფლება, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის თავისუფლება, გარანტირებული უნდა იყოს.

აშშ ერთგული რჩება, დაეხმაროს ქართველ ხალხს თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნაში;

საქართველოს მთავრობის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა, რომლებიც ნაწილობრივი პოლიტიკურად მოტივირებულია, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნეგატიური დარტყმა მიაყენოს აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობას, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხებში მყარი ურთიერთობის დამყარების მცდელობაში, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის წინსვლას", - ნათქვამია კონგრესის განცხადებაში.