სერგო რატიანი აშშ-ის კონგრესის განცხადებას ძალიან მძიმე დასკვნას უწოდებს

სერგო რატიანი აშშ-ის კონგრესის განცხადებას ძალიან მძიმე დასკვნას უწოდებს

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი სერგო რატიანი ბოლო პერიოდში განხორციელებულ დაკავებებთან კავშირებით შეერთებული შტატების კონგრესის განცხადებას " ძალიან მძიმე" დასკვნას უწოდებს. 

როგორც სერგო რატიანმა აღნიშნულ თემაზე კომენტირებისას განაცხადა, ყოველი ასეთი დასკვნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში უკან გადადგმული ნაბიჯია, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს.

"ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლა არ უნდა გადაიქცეს სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლად და ესაა ყოველთვის გასათვალისწინებელი. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი უკან გადაგმული ნაბიჯი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში არის უსაფრთხოების პრობლემის შექმნა საქართველოსთვის და დაბრუნება რუსეთის გავლენის სფეროში", – აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში, რომელიც კონგრესის ბიბლიოთეკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არჩეული საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წევრების მიმართ გატარებული ზომები, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

"2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების 100-მდე წევრი გასამართლდა დანაშაულებრივი ქმედებებისთვის. მსგავსი ბრალდება წაუყენეს ოპოზიციის წევრებსაც, მათ შორის ვანო მერაბიშვილს, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ამან შესაძლოა, გავლენა იქონიოს თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანზე 2013 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე. საქართველოს მთავრობამ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობის აღსაკვეთად და დამნაშავეთა დასასჯელად. ეს ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მთავარობის წინსვლას თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნის კუთხით, სადაც ძირითადი თავისუფლება, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის თავისუფლება, გარანტირებული უნდა იყოს.

აშშ ერთგული რჩება, დაეხმაროს ქართველ ხალხს თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნაში;

საქართველოს მთავრობის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა, რომლებიც ნაწილობრივი პოლიტიკურად მოტივირებულია, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნეგატიური დარტყმა მიაყენოს აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობას, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხებში მყარი ურთიერთობის დამყარების მცდელობაში, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის წინსვლას", - ნათქვამია კონგრესის განცხადებაში.