ალექსანდრე კვიტაშვილისთვის პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი

ალექსანდრე კვიტაშვილისთვის პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი "მოულოდნელი შოკი" იყო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრე კვიტაშვილისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი "მოულოდნელი შოკი" იყო.

როგორც კვიტაშვილმა გადაცემაში "პოზიცია" განაცხადა, განათლების მინისტრი შეცდომაშია შეყვანილი, როცა აცხადებს, რომ პროექტი სამი თვის განმავლობაში უნივერსიტეტებთან განხილვის საგანი იყო, რადგან ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია.

კვიტაშვილის განმარტებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე თვის წინ მინისტრის მრჩეველმა განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სამოქმედო გეგმა წარადგინა, სადაც რექტორის აკადემიურ ხარისხთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა და ეს გეგმა აბსოლუტურად განსხვავებული იყო კონცეფციისგან, რომელიც მანამდე გია დვალმა და მისმა ჯგუფმა მოამზადა. 9 ივნისს კი, კვიტაშვილის თქმით, მსხვილი უნივერსიტეტის რექტორები განათლების სამინისტროში მიიწვიეს, სადაც საუბარი იყო ახალი კანონის შემუშავებაზე, ამ მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე და უმაღლესი სასწავლებლების სამართლებრივ ფორმასთან დაკავშირებით არსებულ გეგმებზე. კვიტაშვილის თქმით, ამ შეხვედრით საკმაოდ კმაყოფილი დარჩა.
"ცოტა ხანში განათლების სამინისტროში მიბრუნება მთხოვეს. შევხვდი ქალბატონ თამარს, რომელმაც მითხრა ასეთი ფრაზა, რომ ახალ კანონში, რომელზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ, იქნება პრობლემა, რომელიც თქვენ გეხებათ, რადგან იქნება ხარისხის მოთხოვნა", - აღნიშნა კვიტაშვილმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსულებელმა ხაზგასმით განაცხადა, რომ თავად ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, თუკი სახელმწიფოს პოლიტიკა იქნება რექტორისათვის აკადემიური ხარისხის მოთხოვნა.

"ვერ ვხვდები, რატომ გახდა ჩემი გადადგომა ასეთი პრობლემა. ჩვენ დავაკმაყოფილეთ ის, რაც სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელმა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რექტორობისთვის საჭიროა აკადემიური ხარისხი. ძალიან გამიკვირდა აგრესია ჩემს მიმართ. არ ვიცი, რატომ უნდა თქვან ჩემთან მიმართებაში, რომ არ შეიძლება უნივერსიტეტი მართოს ადამიანმა, რომელსაც განათლება არა აქვს მიღებული. არ ვთვლი, რომ ვარ გაუნათლებელი, უწიგნური და ასე შემდეგ", - აღნიშნა კვიტაშვილმა. მან აქვე დასძინა, რომ "დიდი ხანია, რაც მარგველაშვილს იცნობს, თვლის, რომ მისი მეგობარია და მიუხედავად ყველაფრისა, მომავლშიც ასე ჩათვლის".